
ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს წევრობისთვის საქართველომ წელს €28 516 გადაიხადა
ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს წევრობისთვის საქართველომ წელს 28 516 ევრო გადაიხადა. ამის შესახებ მთავრობის მიერ მომზადებულ განმარტებითი ბარათიდან ირკვევა, რომელიც 2015 წლის „ზეთისხილის ზეთისა და სუფრის ზეთისხილის შესახებ“ საერთაშორისო შეთანხმების 36-ე მუხლის ცვლილებას ეხება. ცვლილება საქართველოს პარლამენტმა მიმდინარე კვირაში განიხილა.
უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო საბჭოს 2019 წელს შეუერთდა და მისი მიზანი ზეთისხილის პირველადი წარმოებისა და ექსპორტის მხარდაჭერაა.
"ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს წევრობა საქართველოს ზეთისხილის სექტორისათვის მომგებიანია როგორც საერთაშორისო ასპარეზზე მწარმოებელი ქვეყნის წარმოჩენისათვის, ასევე საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის განვითარებისა და საერთაშორისო პრაქტიკის, ტექნოლოგიის და სწორი მენეჯმენტის ნაწილში", - წერია მთავრობის მიერ მომზადებულ განმარტებით ბარათში, რომელიც 2015 წლის „ზეთისხილის ზეთისა და სუფრის ზეთისხილის შესახებ“ საერთაშორისო შეთანხმების 36-ე მუხლის ცვლილებას ეხება. საქართველო აღნიშნულ ცვლილებას, რომლის მიხედვითაც, შესაძლებელი ხდება შეთანხმების მოქმედების ვადის გახანგრძლივება მომდევნო პერიოდებით წევრთა საბჭოს მიერ, მხარს უჭერს.
საქართველოს მთავრობის განმარტებით, საქართველოში ზეთისხილი ახალი კულტურაა და მნიშვნელოვანია, მოხდეს მისი პოპულარიზაცია, რადგან ძალიან მოთხოვნადია პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში. "ქართული ზეთისხილის პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე პოპულარობით სარგებლობს. კახეთში ეს დარგი აქტიურად ვითარდება და დაახლოებით 4000 ჰა-ზე ზეთისხილის ბაღებში უკვე მოსავალია. საქართველოს მრავალწლიანი კულტურების გაშენების დიდი პოტენციალი გააჩნია. სწორედ ამიტომ, სახელმწიფო პროგრამას „დანერგე მომავალი“ ახორციელებს. ასეთი პროგრამები ხელს უწყობს საქართველოში ახალი მრავალწლიანი კულტურების გაშენებას, მეხილეობის დარგის განვითარებას, რაც ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია", - აცხადებენ მთავრობაში.
აღსანიშნია, რომ წლევანდელი მონაცემებით, საქართველოდან ზეთისხილის მარინადების ექსპორტი შემცირდა. კერძოდ, მიმდინარე წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში, ქვეყნიდან 116 300 აშშ დოლარის 42 ტონა დაკონსერვებული ან ძმრის და დამატების გარეშე დამზადებული ზეთისხილი გავიდა ექსპორტზე. შარშან ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 138 800 აშშ დოლარი და 56 ტონა იყო. თუმცა 2025 წლამდე ზეთისხილის პროდუქტის ექსპორტის მოცულობა გაცილებით ნაკლები იყო. აღსანიშნავია, რომ საქართველოდან ზეთისხილის ექსპორტის კუთხით გასული წელი რეკორდული იყო. ჯამურად 2025-ში 533 200 აშშ დოლარის ღირებულების 195 ტონა ზეთისხილის ექსპორტი განხორციელდა.
რაც შეეხება საექსპორტო ქვეყნებს, წელს, ზეთისხილის ექსპორტი მხოლოდ სომხეთში ფიქსირდება, გასულ წელს კი მცირე რაოდენობით ზეთისხილი კანადაშიც გავიდა. მანამდე თურქეთსა და აზერბაიჯანშიც დაფიქსირდა. თუმცა ყოველ წელს მთავარი საექსპორტო ბაზარი მაინც სომხეთია.
როგორც მთავრობა აცხადებს, ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს წევრობა ხელს უწყობს საქართველოსა და ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს წევრ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარებას, ზეთისხილით წარმოებული პროდუქტების გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვას და ზეთისხილის წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას.
BM.GE
წყარო: bm.ge