
ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტს ₾3 მლნ გადაეცემა - რაში დაიხარჯება დაფინანსება?
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტს 3 მილიონი ლარი გადაეცემა - ამის შესახებ ცნობილი დღეს, განათლების მინისტრ გივი მიქანაძის ვიზიტის შემდეგ გახდა. იგი შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის სენაკის პროფესიული განათლების ცენტრს ეწვია.
როგორც განათლების სამინისტროს პრესრელიზიდან ხდება ცნობილი, დაფინანსება ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარების მიზნით გამოიყოფა.
სამინისტროს ცნობით, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ერთადერთი სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც როგორც უმაღლეს, ისე პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებს. პროფესიული განათლების ცენტრი ზუგდიდსა და სენაკში ფუნქციონირებს და რეგიონის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საგანმანათლებლო სივრცეს წარმოადგენს.
"სენაკის პროფესიული განათლების ცენტრი ორიენტირებულია თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროფესიული განათლების უზრუნველყოფაზე. ცენტრის ინფრასტრუქტურა მოიცავს სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს, სასათბურე და საფუტკრე მეურნეობებს, ასევე თანამედროვე ტიპის ფერმას, რაც სტუდენტებს პრაქტიკული უნარების რეალურ სამუშაო გარემოში განვითარების შესაძლებლობას აძლევს.
ცენტრში ხორციელდება 16 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, მათ შორის 3 – ინტეგრირებული სწავლების მიდგომით, ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, ინჟინერიის, ბიზნესისა და განათლების მიმართულებებით", - ვკითხულობთ პრესრელიზში.
ამჟამად სენაკის პროფესიული განათლების ცენტრში 400-მდე სტუდენტი სწავლობს, ხოლო მიმდინარე ეტაპზე პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 320-მდე ადგილია გამოცხადებული. პროფესიულ განათლებას ცენტრში წარმატებით ეუფლებიან აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჩამოსული სტუდენტებიც.
სენაკის პროფესიული განათლების ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე სასწავლო ინვენტარით და სრულად ადაპტირებულია შშმ და სსსმ პირთა საჭიროებებზე.
BM.GE
წყარო: bm.ge