
ზუმერის ციფრული ტრანსფორმაცია: WMS სისტემის დანერგვა BDO დიჯითალთან ერთად
თანამედროვე საცალო ბიზნესში საწყობის ეფექტიანი მართვა მხოლოდ ოპერაციული ამოცანა აღარ არის, ის პირდაპირ აისახება მომხმარებლის გამოცდილებაზე, მარაგების სიზუსტესა და კომპანიის ზრდის ტემპზე. სწორედ ამ საჭიროებიდან გამომდინარე, ბიდიო დიჯითალისა და ზუმერის გუნდების თანამშრომლობით, კომპანიაში დაინერგა WMS - საწყობის მართვის სისტემა, რომელიც პროცესების ავტომატიზაციას, უფრო ზუსტ აღრიცხვასა და რესურსების ოპტიმიზაციას უზრუნველყოფს.
ზუმერის შესახებ
ზუმერი სწრაფად მზარდი საცალო ქსელია, სადაც ყოველდღიურად დიდი რაოდენობით საქონელი გადაადგილდება ცენტრალურ საწყობსა და მაღაზიებს შორის, პარალელურად კი სრულდება ონლაინ შეკვეთებიც. ასეთ გარემოში სასაწყობე პროცესების სისწრაფე, სიზუსტე და გამართული კოორდინაცია კომპანიის ყოველდღიური ოპერირების კრიტიკული ნაწილია. სწორედ ამიტომ, საწყობის პროცესების ავტომატიზაცია ზუმერისთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული გადაწყვეტილება იყო.
მთავარი საჭიროება
სისტემის დანერგვის საჭიროება საწყობის სამუშაო პროცესების ეფექტიანობის გაზრდის აუცილებლობამ განაპირობა. კომპანიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ფილიალების მომარაგების პროცესის დაჩქარება, ლოგისტიკური ოპერაციების უფრო ეფექტიანად მართვა და საწყობის თანამშრომლების ყოველდღიური სამუშაოს გამარტივება. WMS-ის ფუნქციური ლოგიკაც სწორედ ამ გამოწვევებს პასუხობს: ის ეხმარება ბიზნესს წინასწარ დაგეგმოს პროდუქციის შემოსვლა და გასვლა, ზუსტად აღრიცხოს საქონლის მოძრაობა, ოპტიმალურად გადაანაწილოს რესურსები და შეინარჩუნოს მუდმივი შესაბამისობა ფიზიკურ მარაგსა და სააღრიცხვო მონაცემებს შორის.
WMS-ის დანერგვის პროცესი
“პროექტის ფარგლებში, პირველ ეტაპზე განხორციელდა არსებული პროცესების და ოპტიმიზაციის შესაძლებლობების ანალიზი. ამის შემდეგ დავიწყეთ WMS სისტემის ეტაპობრივი დანერგვა.” გვეუბნება მარიამ ჟღენტი, BDO დიჯითალის ლოგისტიკის ავტომატიზაციის მენეჯერი.