
ზურაბ პატარაძე ბურსის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლებს შეხვდა
თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბურსის სავაჭრო-სამრეწველო პალატის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, იბრაჰიმ ბურქაის შეხვდა.
აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქართულ-თურქული ურთიერთობების განვითარებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას.
ზურაბ პატარაძის განცხადებით მნიშვნელოვანია სრულად იქნეს ათვისებული რეგიონის პოტენციალი ტვირთბრუნვის ზრდის, სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებისა და ლოგისტიკური მიმართულებით.
„როგორც მოგეხსენებათ, ბურსა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ლოკაციაა, სადაც არაერთი საწარმო, ქარხანა და ფაბრიკაა განთავსებული. შეხვედრაზე ვისაუბრეთ ბიზნესსექტორის გაძლიერებაზე, ახალი კონტაქტების დამყარებასა და საქმიანი ვიზიტების განხორციელებაზე. ყურადღება გამახვილდა საქმიანი ტურიზმის განვითარებაზე - ბიზნესფორუმების და კონგრესების ჩატარებაზე აჭარაში, აგრეთვე, კულტურული ტურიზმის განვითარებაზე და ამ მხრივ, წინადადებების განხილვაზე. აღსანიშნავია, რომ ბევრი ბიზნესმენი დაინტერესებულია ჩვენი რეგიონით, მისი სატრანზიტო პოტენციალით. ვფიქრობ, გამართული შეხვედრები ხელს შეუწყობს ახალი, ერთობლივი ინიციატივების განხორციელებას“ - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და თურქეთს შორის თანამშრომლობის მზარდ დინამიკასა და მსგავსი ფორმატის ვიზიტების მნიშვნელობას ორმხრივი პარტნიორობის გაღრმავების პროცესში.
შეხვედრას საქართველოს ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში არჩილ კალანდია, გენერალური კონსული ქალაქ სტამბოლში ალექსანდრე ჯიშკარიანი, აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი გია ჭყონია, ბურსის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი შაჰინ ბიბა და სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრები ესწრებოდნენ.
BM.GE
წყარო: bm.ge