ექიმები და მეცნიერები ყველაზე სანდო პროფესიებია, პოლიტიკოსები კი რეიტინგის ბოლოში არიან - Visual Capitalist
ექიმები, მეცნიერები და მასწავლებლები მსოფლიოს ყველაზე სანდო პროფესიების რეიტინგში პირველ სამ პოზიციას იკავებენ, პოლიტიკოსები და სოციალური მედიის ინფლუენსერები კი ყველაზე ნაკლები ნდობით სარგებლობენ. ამის შესახებ Visual Capitalist-ის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგშია აღნიშნული, რომელიც Ipsos-ის 2026 წლის გლობალურ კვლევას ეყრდნობა.
31 ქვეყანაში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ექიმებს რესპონდენტთა 58% ენდობა, მეცნიერებს — 57%, მასწავლებლებს კი — 53%. ამასთან, 20 შეფასებული პროფესიისა და ჯგუფის შედარებით, ნდობის წმინდა მაჩვენებლით ექიმები პირველ ადგილზე არიან 43 პროცენტული პუნქტით, მეცნიერები — მეორეზე 42 პუნქტით, მასწავლებლები კი მესამეზე 37 პუნქტით.
რეიტინგის საპირისპირო ბოლოში პოლიტიკოსები აღმოჩნდნენ. მათ სანდოდ გამოკითხულთა მხოლოდ 13% მიიჩნევს, ხოლო 61% არასანდოდ აფასებს. სოციალური მედიის ინფლუენსერებს 14% ენდობა, მთავრობის მინისტრებს — 17%. დაბალი მაჩვენებელი აქვთ ასევე სარეკლამო სფეროს ხელმძღვანელებს, რომელთა მიმართ ნდობა 15%-ს შეადგენს.
საინტერესოა, რომ სახელმწიფო სექტორშიც ნდობის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად განსხვავდება: საჯარო მოხელეებსა და სახელმწიფო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს -9 პროცენტული პუნქტის წმინდა მაჩვენებელი აქვთ, მთავრობის მინისტრებს კი -37. მედიის სფეროში ტელევიზიის წამყვანები (-3) ჟურნალისტებზე (-10) შედარებით მაღალი ნდობით სარგებლობენ.
კვლევა 2026 წლის 19 ივნისიდან 3 ივლისამდე ჩატარდა და მასში 31 ქვეყნის 23 537 ზრდასრული მონაწილეობდა. საქართველოს გამოკითხვა არ მოიცავდა, შესაბამისად, რეიტინგში ქვეყნის პოზიცია განსაზღვრული არ არის.

