ესპანეთში დღეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ტარდება
ესპანეთში დღეს ვადამდელი საყოველთაო არჩევნები გაიმართება.
არჩევნები მომავალი წლის ზაფხულამდე არ იყო დაგეგმილი, მაგრამ ესპანეთის სოციალისტი პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი იძულებული გახდა, ოქტომბერში ვადამდელი არჩევნები დაენიშნა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც სამმა მემარჯვენე და ულტრამემარჯვენე პარტიამ მხარი არ დაუჭირა მთავრობის მიერ წარდგენილ კანონპროექტს, რომელიც ქვეყანაში არსებული საბინაო კრიზისის მოგვარებას ისახავდა მიზნად.
ესპანეთში სექტემბერში საპროტესტო ტალღა დაიწყო მას შემდეგ, რაც მადრიდში საკუთარი სახლიდან გამოასახლეს 87 წლის მარია დელ კარმენ აბასკალი. ქალს საცხოვრებლის დატოვება იმიტომ მოუწია, რომ ვერ შეძლო ქირის იმ 230%-იანი ზრდის დაფარვა, რასაც მისგან ბინის ახალი მფლობელი - საინვესტიციო ფონდი - მოითხოვდა.
ქვეყნის მასშტაბით გამართული საპროტესტო აქციების ფონზე, პედრო სანჩესის კოალიციურმა უმცირესობის მთავრობამ საცხოვრებელზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისკენ მიმართული ღონისძიებების პაკეტი შეიმუშავა, რომელიც ითვალისწინებდა გამოსახლების აკრძალვის 2030 წლამდე გახანგრძლივებას და ასევე მოკლევადიანი და ოთახების მიხედვით გაქირავების რეგულირებას.
სანჩესმა მისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი სარისკო პოლიტიკური ნაბიჯი გადადგა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შესახებ გამოაცხადა მას შემდეგ, რაც მის მიერ წარდგენილი ინიციატივები კონსერვატიულმა სახალხო პარტიამ, ულტრამემარჯვენე პარტია „ვოქსმა“ და მემარჯვენე კატალონიურმა სეპარატისტულმა პარტია „ჟუნტსმა” ჩააგდეს.
კენჭისყრის შედეგების საფუძველზე, პარლამენტის ქვედა პალატაში - დეპუტატთა კონგრესში - 350 წევრს აირჩევენ, ხოლო ზედა პალატაში - სენატში - 209 წევრს.
ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 22 500 საარჩევნო უბანი ადგილობრივი დროით 09:00-დან 20:00 საათამდე იმუშავებს.
ესპანეთში ხმის მიცემის უფლება 38.6 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს, რომელთაგან დაახლოებით 2.6 მილიონი საზღვარგარეთ ცხოვრობს.
ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არჩევნების დღეს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად 100 000-ზე მეტი სამართალდამცავი იქნება მობილიზებული.
საზოგადოებრივი აზრის კვლევები აჩვენებს, რომ არჩევნებში პირველი ადგილი სახალხო პარტიას ერგება, თუმცა ის საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებას ვერ შეძლებს და მთავრობის ფორმირებისთვის „ვოქსთან“ შეთანხმება დასჭირდება. პროგნოზების თანახმად, ორივე პარტია ერთად ესპანეთის 350-ადგილიან დეპუტატთა კონგრესში საპარლამენტო უმრავლესობისთვის აუცილებელ 176 მანდატზე გაცილებით მეტს მოიპოვებს.
