კავკასიის მცირე მყინვარები შესაძლოა გაქრეს – ADB მტკვრის აუზისთვის გაზრდილ საფრთხეებზე მიუთითებს
კავკასიის მცირე მყინვარების თითქმის სრული გაქრობა 2100 წლისთვის არის მოსალოდნელი, რაც მტკვრის აუზში წყლის რესურსებსა და ბუნებრივი კატასტროფების რისკებს გაზრდის. ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის (ADB) ახალ კვლევაშია ნათქვამი.
კვლევის თანახმად, კავკასიაში მყინვარები ყველაზე სწრაფად დნება. მაღალი ემისიების სცენარის მიხედვით, 2100 წლისთვის რეგიონის მცირე მყინვარების თითქმის სრული გაქრობაა მოსალოდნელი. ეს პროცესი გამოიწვევს მუდმივი ყინულის დეგრადაციას, მდინარეების ჩამონადენის ცვლილებას და წყლის ბუნებრივი მარაგების შემცირებას.
განსაკუთრებით საყურადღებოა მტკვრის აუზის პროგნოზი, რომელიც საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს მოიცავს. ADB-ის შეფასებით, 2085 წლისთვის ზამთრის ტემპერატურა შესაძლოა 5°C-მდე გაიზარდოს, ხოლო ზაფხულის ტემპერატურა ასევე 5°C-ით მოიმატოს. ამასთან, გაზაფხულსა და ზაფხულში ნალექების შემცირებაა მოსალოდნელი, ზაფხულში კი ეს მაჩვენებელი შესაძლოა 20%-მდე შემცირდეს.
კლიმატური ცვლილებები გაზრდის მეწყრების, წყალმოვარდნების, ღვარცოფებისა და მყინვარული ტბების გარღვევით გამოწვეული წყალდიდობების რისკებს საქართველოში. ზამთარში გახშირებულმა წვიმამ თოვლზე შესაძლოა დამატებითი წყალდიდობებიც გამოიწვიოს.
ანგარიშის მიხედვით, მყინვარების დნობა თავდაპირველად მდინარეებში წყლის ნაკადის ზრდას განაპირობებს, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ყინულის მარაგების ამოწურვა წყლის რესურსების შემცირებას გამოიწვევს. ეს საფრთხეს შეუქმნის როგორც სოფლის მეურნეობას, ისე ჰიდროენერგეტიკასა და წყლის უსაფრთხოებას.
კვლევა 40 წლის განმავლობაში დაგროვებულ მეტეოროლოგიურ მონაცემებსა და კლიმატურ მოდელებს ეყრდნობა. ADB-ის რეკომენდაციებს შორისაა მყინვარებზე დაკვირვების სისტემების გაუმჯობესება, ადრეული გაფრთხილების მექანიზმების განვითარება და წყლის რესურსების მართვის გაძლიერება
