
ლევან იოსელიანმა ალეკო ელისაშვილის განაჩენზე კომენტარი გააკეთა
სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი ალეკო ელისაშვილისთვის გამოტანილ განაჩენს ეხმაურება.
"ვანო მერაბიშვილი - 6 წელი და 9 თვე;
ზურაბ ადეიშვილი - 6 წელი;
დავით კეზერაშვილი - 5 წელი;
ბაჩო ახალაია - 9 წელი;
მეგის ქარდავა - 9 წელი;
ალექსანდრე მუხაძე, მეტსახელად „ქილერა“ – 9 წელი;
ვიქტორ ყაჭეიშვილი - 9 წელი;
ოლეგ ფაცაცია - 9 წელი;
გიგი უგულავა - 3 წელი და 2 თვე;
გაგა მკურნალიძე - 3 წელი და 4 თვე;
და ა.შ.....
ალეკო - 13 წელი", - დაწერა იოსელიანმა.
ცნობისთვის, პარტია მოქალაქეების ლიდერს, ალეკო ელისაშვილის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა სასამართლოს კანცელარიის დაწვის მცდელობის საქმეზე 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
ალეკო ელისაშვილი 29 ნოემბერს, გამთენიისას, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიების ვერსიით, ელისაშვილი წინასწარ შედგენილი გეგმის მიხედვით მოქმედებდა. ის, სახეზე ნიღბით, 4 მაისს, დაახლოებით 03:44 საათზე მივიდა თბილისში, აღმაშენებლის ხეივანი №64-ში მდებარე თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობის უკანა ნაწილში, სადაც არქივი არის განთავსებული. ბრალდებულმა თავდაპირველად სავენტილაციო მილზე ასვლით სცადა ფანჯრის გაღება, თუმცა ვერ შეძლო. ამის შემდეგ კიბეებზე ჩამოვიდა და სარკმლიდან არქივის ოთახში შეაგდო ნავთობპროდუქტის შემცველი ანთებული ნივთიერება, რამაც ხანძარი გამოიწვია.
გამოძიების ინფორმაციით, მოგვიანებით ელისაშვილი კვლავ მიუახლოვდა სხვა ფანჯარას, რომელიც მეორე არქივის ოთახთან მდებარეობდა, ავიდა სავენტილაციო მილზე და ცეცხლი წაუკიდა ფანჯარას და სადენებს. შედეგად, ხანძარი გაჩნდა როგორც შენობის გარე ფასადზე, ისე არქივში, სადაც ინახებოდა ასობით სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმე. ცეცხლი მეხანძრე-მაშველებმა ჩააქრეს.
პროკურატურის განცხადებით, აღნიშნული ქმედება მიზნად ისახავდა სასამართლო ხელისუფლების დესტაბილიზაციას, ასევე მნიშვნელოვანი დოკუმენტებისა და ინფრასტრუქტურის განადგურებას, რამაც გამოიწვია სერიოზული ქონებრივი ზიანი. ამასთან, საფრთხე შეექმნა იმ დროს შენობაში მყოფი მანდატურის სამსახურის სამ თანამშრომელს.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge