
გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: დღეს ეს ქვეყანა უკრაინაა!
დღეს უკრაინა სახელმწიფოებრიობის დღეს აღნიშნავს.
სახელმწიფოებრიობას, რომელიც მისთვის აღარ არის მხოლოდ საზღვრები, დროშა, გერბი ან საერთაშორისო აღიარება.
დღეს უკრაინული სახელმწიფო ნიშნავს ერის უფლებას - თავად გადაწყვიტოს, როგორ იცხოვროს, ვისთან იყოს და როგორი მომავალი ჰქონდეს.სწორედ ამ უფლების წასართმევად დაიწყო ომი რუსეთმა.
ფიქრობდნენ, რომ უკრაინა სწრაფად დაეცემოდა. რომ საზოგადოება გაიყოფოდა. რომ სახელმწიფო ჩამოიშლებოდა. რომ წინააღმდეგობა რამდენიმე დღეში დასრულდებოდა..
ამის ნაცვლად, ჩვენს თვალწინ ახალი უკრაინელი ერი დაიბადა.არა იმიტომ, რომ მანამდე უკრაინა არ არსებობდა, არამედ იმიტომ, რომ ამ ომმა მილიონობით ადამიანს საბოლოოდ დაანახა, რას ნიშნავს მათი ქვეყანა და რამდენად ძვირია მისი დაკარგვა.უკრაინამ გაუძლო.გაუძლო მარტო დარჩენის შიშს, ქალაქების ნგრევას, უზარმაზარ დანაკარგს, იმედგაცრუებასაც და დაღლასაც.
მაგრამ მხოლოდ გაძლება არ აღმოჩნდა საკმარისი.უკრაინამ ბრძოლა ისწავლა, საკუთარი ძალა იპოვა და წინააღმდეგობის სიმბოლოდ იქცა.
დღეს ამ ერს პატივს სცემენ ისინიც, ვისაც არც მისი გამძლეობის სჯეროდა და მით უმეტეს - იმის, რომ უკრაინა ერთ დღეს თავად გადავიდოდა შეტევაზე უკანასკნელი დიდი და ბოროტი იმპერიის წინააღმდეგ.
უკრაინელებმა დაამტკიცეს, რომ ეროვნული ღირსება წარსულით სიამაყეზე მეტია.
ღირსებაა, როდესაც თავისუფლებას ყოველდღიური არჩევანით იცავ.როდესაც საკუთარ მიწას არ თმობ.როდესაც შიშის მიუხედავად იბრძვი.როდესაც იცი, რომ შეიძლება ძალიან ძვირი გადაიხადო, მაგრამ მაინც არ ნებდები.
საქართველოსთვის ეს შორეული ომი არ არის.უკრაინის გამარჯვება ნიშნავს რუსეთის იმპერიული ძალის დასუსტებას. ნიშნავს იმას, რომ პატარა ერების ბედი მოსკოვში აღარ გადაწყდება. ნიშნავს საქართველოს უსაფრთხოების, თავისუფლებისა და გაერთიანების ახალ შესაძლებლობას.
ამიტომ, დღეს არავის უნდა სურდეს უკრაინის დამაჯერებელი გამარჯვება და რუსეთის სტრატეგიული მარცხი ისე ძლიერ, როგორც საქართველოსა და ქართველებს.
ამიტომაა რომ ამ ბრძოლაში უკრაინელებთან ერთად ქართველებიც იბრძვიან.იბრძვიან იმის ცოდნით, რომ იცავენ არა მხოლოდ უკრაინას, არამედ საქართველოს მომავალსაც.ბევრმა ამ ბრძოლას სიცოცხლეც შესწირა.უკრაინის გამარჯვებაში საქართველოს მომავლის მხოლოდ იმედი კი არ არის - იქ ქართველი მებრძოლების სისხლი, თავგანწირვა და ღირსებაა.ჩვენი მომავალი სწორედ ასეთ ერებთან მეგობრობაშია - ერებთან, რომლებიც თავისუფლებას არავის უთმობენ და სხვის თავისუფლებასაც საკუთარ საქმედ მიიჩნევენ.ვულოცავ უკრაინელ ხალხს სახელმწიფოებრიობის დღეს.ვულოცავ ერს, რომელმაც საკუთარ თავში იმაზე მეტი ძალა აღმოაჩინა, ვიდრე მსოფლიოს წარმოედგინა.
„იბრძოლეთ და გაიმარჯვებთ!“- უკრაინელებმა დაამტკიცეს, რომ ეს მხოლოდ ტარას შევჩენკოს ლამაზი სიტყვები არაა. უკრაინელები იბრძვიან და იმარჯვებენ!როგორც ქრისტიანი და ქართველი ვულოცავ და ვლოცულობ უკრაინის გამარჯვებაზე! რადგან, ზოგჯერ ისტორია ერთ ქვეყანას აძლევს შესაძლებლობას, იბრძოლოს არა მხოლოდ საკუთარი, არამედ ბევრი სხვა ერის თავისუფლებისთვის.დღეს ეს ქვეყანა უკრაინაა!
ფორმულა
წყარო: formulanews.ge