
თამოსკინი: კონკურენციის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება მიკერძოებულია, გავასაჩივრებთ
კომპანია "თამოსკინი" კონკურენციის ეროვნული სააგენტოს სააგენტოს მიერ კომპანიის მიმართ "მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტის დადგენას გამოეხმაურა.
"თამოსკინის" განცხადებით, აპირებენ კონკურენციის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება სასამართლო წესით გაასაჩივრონ, რადგან აღნიშნული გადაწყვეტილება მიკერძოებული და დაუსაბუთებელია.
"გვსურს გამოვეხმაუროთ კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის მიკერძოებული, სუბიექტური და უსაფუძვლო, ვინაიდან სააგენტომ სრულყოფილად არ შეისწავლა კომპანია თამოსკინის მიერ სააგენტოში წარდგენილი წერილობითი პოზიცია, კონკრეტული მომხმარებლის მიერ შეტანილ საჩივარზე. ასევე სააგენტომ არ მოახდინა კომპანიის მიერ მიწოდებული მტკიცებულებების გამოკვლევა და ისე მიიღო გადაწყვეტილება.
კომპანია თამოსკინი აპირებს მიღებული გადაწყვეტილების სასამართლო წესით გასაჩივრებას, ვინაიდან ადგილი აქვს კომპანიის იმიჯის შელახვის მცდელობას.
იმ პირების/პირთა ჯგუფის საპასუხოდ, რომლებიც მიზანმიმართულად ახორციელებენ კომპანიის იმიჯის შელახვას, კომპანია გააგრძელებს თავის საქმიანობას იმ ღირებულებებით, რომლითაც მას უკავია წამყვანი ადგილი თავის მოვლის საშუალებებისა და კოსმეტიკურ ინდუსტრიაში. ამ ღირებულებებთაგან კი ყველაზე მთავარია, იყოს საუკეთესო მომხმარებლებისათვის", - ნათქვამია განცხადებაში
ცნობისთვის, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს განცხადებით, მომხმარებლის განცხადების საფუძველზე ჩატარებული შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ მოვაჭრემ პროდუქცია მომხმარებელს შეთანხმებულ ვადაში არ მიაწოდა, ხოლო შეკვეთის გაუქმების შემდეგ თანხის დაბრუნებაზე უარი განაცხადა. აღნიშნულის შესახებ სააგენტომ "თამოსკინს" "მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინა და დაავალა 1 თვის ვადაში მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღადგინოს.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge