მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 2027 წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი მიიღო
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 2027 წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი მიიღო

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 2027 წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი მიიღო

ფორმულა|formulanews.ge

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 216 ხმით 212-ის წინააღმდეგ 2027 წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი (NDAA) დაამტკიცა, რომელიც თავდაცვის სფეროში 1.15 ტრილიონი დოლარის ხარჯვას ითვალისწინებს. საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული დოკუმენტის მიმდინარე ვერსია საქართველოს შესახებ ორ უმნიშვნელოვანეს ჩანაწერს მოიცავს, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში რუსეთისა და ჩინეთის გავლენების ზრდას, აშშ-საქართველოს ურთიერთობების გადახედვასა და ქვეყანაში პოლიტპატიმრების საკითხს ეხება.

საქართველოსთან დაკავშირებული პირველი და ცენტრალური ჩანაწერი უშუალოდ კანონპროექტის ძირითად ტექსტშია ასახული. 1722-ე სექცია, სახელწოდებით „კავკასიაზე ჩინეთის კონტროლის წინააღმდეგ ბრძოლა“, რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადებასა და აშშ-საქართველოს ურთიერთობების ხუთწლიანი სტრატეგიის შემუშავებას ითვალისწინებს.

დოკუმენტის თანახმად, კანონპროექტის კანონად ქცევიდან არაუგვიანეს 180 დღისა, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ეროვნული დაზვერვის დირექტორსა და სახელმწიფო მდივანთან კოორდინაციით, კონგრესის შესაბამის კომიტეტებს საიდუმლო ანგარიში უნდა წარუდგინოს. აღნიშნულმა ანგარიშმა დეტალურად უნდა შეისწავლოს საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო სტრუქტურებისა და მათი აქტივების შეღწევის მასშტაბები, ასევე ამ ორ სახელმწიფოს შორის გავლენებისა და თანამშრომლობის შესაძლო გადაკვეთის წერტილები.

ამავე სექციის მიხედვით, სახელმწიფო მდივანმა 180 დღის ვადაში აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების დეტალური ხუთწლიანი სტრატეგია უნდა მოამზადოს. სტრატეგიამ საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით ურთიერთობების გაუმჯობესების კონკრეტული მიზნები უნდა განსაზღვროს. ამასთანავე, დოკუმენტში უნდა შეფასდეს, თუ რა ინსტრუმენტები, რესურსები და დაფინანსებაა საჭირო დასახული მიზნების მისაღწევად, უნდა დარჩეს თუ არა საქართველო ევროპისა და ევრაზიის რეგიონში აშშ-ის დაფინანსების ერთ-ერთ მთავარ მიმღებად და რა მასშტაბით უნდა გააგრძელოს შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან პარტნიორობაში ინვესტირება. სტრატეგია ასევე მოიცავს შეფასებას იმის შესახებ, ინარჩუნებს თუ არა საქართველოს მთავრობა აშშ-სა და ევროპასთან სავაჭრო კავშირების გაფართოების კურსს და უნდა გააგრძელოს თუ არა ამერიკის მთავრობამ ქართულ პროექტებში ინვესტიციების ჩადება.

საქართველოსთან დაკავშირებული მეორე ჩანაწერი წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თანმხლებ ანგარიშშია შეტანილი და საქართველოში პოლიტპატიმრების საკითხს ეხება. ტექსტში ნათქვამია, რომ კომიტეტი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში ოპოზიციის ლიდერების, აქტივისტებისა და იმ სხვა პირების განგრძობადი დაკავებითა და პატიმრობით, რომლებიც ფართოდ არიან აღიარებულნი პოლიტპატიმრებად. კომიტეტის შეფასებით, საქართველოს მთავრობასა და შეიარაღებულ ძალებთან ორმხრივი კონტაქტებისას ეს საკითხი მუდმივად და უმაღლეს დონეზე უნდა დაისვას. შესაბამისად, კომიტეტი თავდაცვის მდივანს ავალებს, 2026 წლის 1 ოქტომბრამდე პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტს წარუდგინოს არასაიდუმლო ანგარიში, რომელშიც აღწერილი იქნება პენტაგონის სტრატეგია საქართველოსთან სამხედრო ურთიერთობებში პოლიტპატიმრების საკითხის გასათვალისწინებლად.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ NDAA-ს ეს ვერსია საბოლოო კანონი ჯერ არ არის. აშშ-ის საკანონმდებლო პროცედურის მიხედვით, სენატმა თავდაცვის აქტის საკუთარი ვერსია უნდა მიიღოს, რის შემდეგაც ორივე პალატის წარმომადგენლები ერთიან, კომპრომისულ ტექსტზე შეთანხმდებიან. საბოლოო ვერსიას ხელახლა უნდა უყარონ კენჭი როგორც წარმომადგენელთა პალატამ, ისე სენატმა, და მხოლოდ ამის შემდეგ გადაეგზავნება კანონპროექტი აშშ-ის პრეზიდენტს ხელმოსაწერად.

გაზიარება:
F

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა

EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა

ფორმულა

ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს

ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს

ფორმულა

სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა

სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა

ფორმულა

სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა

სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა

ფორმულა