
საზმაუს მარში: ტრაგედიებით სავსე ქვეყანაში ხელისუფლება მოქალაქის სიძულვილისთვის იცლის
საზმაუს მარშის მონაწილეებმა ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმის შესახებ განცხადება გააკეთეს, მათი თქმით ქვეყანაში ძალადობა წახალისებულია, რასაც სახელისუფლებო მედიებიც უწყობენ ხელს. აღნიშნეს რომ, საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომლის შენობასთანაც შეიკრიბნენ, თავდასხმას მხოლოდ ცალმხრივად აშუქებს.
"ერთი კვირის წინ, მოქალაქის, ონისე ოქრიაშვილის წინააღმდეგ მიზანმიმართული გაშავების კამპანია დაიწყო. პროსახელისუფლებო მედიებმა: „იმედმა", „რუსთავი 2-მა" და „პოსტვი-მ" ეს კამპანია სისტემურად და კოორდინირებულად ააგორეს.
ორი დღის წინ ონისეს ჯგუფურად ჩაუსაფრდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. თავდამსმხელს საჯაროდ ექომაგება და თავდებობას სთავაზობს დეპუტატი დიტო სამხარაძე, რომელიც თავადაც არაერთი ფიზიკური ძალადობის მონაწილეა.
დეპუტატი ირაკლი ზარქუა ჟურნალისტს პასუხობს, რომ ზოგჯერ “პოლიცია ვერ დაგიცავს”. ეს პირდაპირი გზავნილია მოძალადეებისთვის. ეს არის საჯარო წაქეზება, რომ უარესი მოხდეს. გვინდა მკაფიოდ განვაცხადოთ: ეს არის დანაშაული, რომელზე პასუხისმგებლობაც ეკისრებათ სამთავრობო ტელევიზიებსა და ძალადობის წამქეზებელ პირებს.
პროპაგანდისტული მედიები ამ წამსაც აგრძელებენ დამონტაჟებული ვიდეოების გავრცელებას. საზოგადოებრივი მაუწყებელი კი, რომლის შენობასთანაც ახლა ვდგავართ, თავდასხმას მხოლოდ ცალმხრივად აშუქებს: მათ ეთერი სრულად დაუთმეს თავდამსხმელს, მის მეგობრებს, ადვოკატებსა თუ ქართული ოცნების ჩინოვნიკებს, თუმცა ონისეს პოზიცია არ გაუშუქებიათ.
ტრაგედიებით სავსე ქვეყანაში ხელისუფლება ერთი მოქალაქის სიძულვილისთვის იცლის. ამჯერად, მტრად წარმოაჩენს არა რომელიმე პარტიას, ორგანიზაციას თუ ჯგუფს - არამედ ერთ მოქალაქეს. ჩვენ საგანგაშო საფრთხეს ვგრძნობთ.
კვირაზე მეტია, სამთავრობო მედიები არათუ აქეზებენ ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმას, არამედ ეს მათი პირდაპირი დაკვეთაა.
თუკი ონისეს ან მის ახლობლებს მომავალშიც რაიმე შეემთხვევათ, პასუხისმგებლობა კვლავ მათზეა, ვინც ამ კამპანიას აგორებს, მოძალადეებს მფარველობს და ამ საქციელს იწონებს.