
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით სახელმწიფო ცისტური ფიბროზის სამკურნალო მედიკამენტს შეიძენს
ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით, იშვიათი დაავადებების მართვის სახელმწიფო პროგრამის გაფართოების ფარგლებში მიღებულია გადაწყვეტილება ცისტური ფიბროზის (მუკოვისციდოზის) სამკურნალო ინოვაციური მედიკამენტის შეძენის შესახებ.
მშობლებთან აქტიური თანამშრომლობისა და სახელმწიფოს ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, ხელშეკრულება გაფორმდა მწარმოებელ კომპანია „ვერტექსთან“. შეთანხმების მიხედვით, საქართველო სრული დაფინანსებით შეიძენს გენმოდულატორ „ტრიკაფტას“, რომელიც ამ ეტაპზე დაავადების მკურნალობისთვის მსოფლიოში ყველაზე ეფექტიან საშუალებად მიიჩნევა.
„ტრიკაფტა“ ავტორიზებულია აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) და ევროპის მედიკამენტების სააგენტოს (EMA) მიერ 2 წლისა და უფროსი ასაკის პაციენტებისთვის.
ინოვაციური თერაპია პირდაპირ მოქმედებს დაავადების გამომწვევ გენეტიკურ დეფექტზე, მნიშვნელოვნად ზრდის ფილტვების ფუნქციის მაჩვენებლებს და კვლევების თანახმად, ჰოსპიტალიზაციისა და პულმონოლოგიური გამწვავებების სიხშირეს 76%-ით ამცირებს. მედიკამენტის დასანერგად მოსამზადებელი სამუშაოები დაუყოვნებლივ გაგრძელდება, ხოლო პაციენტებისთვის მისი მიწოდების პროცესი სექტემბერში დაიწყება.
მინისტრის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება ბევრი ბავშვისა და ოჯახისთვის გარდამტეხი ეტაპი იქნება სრულიად ახალი, უფრო ჯანსაღი ცხოვრებისკენ.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge