
რუსეთმა დიდი ბრიტანეთიდან ელჩი გაიწვია
რუსეთმა დიდ ბრიტანეთში ელჩი ანდრეი კელინი გაიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
ლონდონში რუსეთის საელჩოს ინფორმაციით, კელინმა დიპლომატიური პოსტი 21 ივლისს, შვიდწლიანი მუშაობის შემდეგ დატოვა.
გამოცემის ცნობით, ამჟამად რუსეთის საელჩოს უფროს დიპლომატიურ პერსონალში მხოლოდ დროებითი საქმეთა რწმუნებული, ვასილი ციგანოვი, არის მითითებული. საელჩოს წარმომადგენლის განცხადებით, რუსეთს კელინის შემცვლელის კანდიდატურა დიდ ბრიტანეთში ჯერ არ წარუდგენია.
ამასთან, რუსეთის საელჩოში აცხადებენ, რომ მოსკოვი დიდ ბრიტანეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დონის დაქვეითებას არ გეგმავს.
„რუსეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის ურთიერთობები უპრეცედენტოდ დაბალ დონემდე გაუარესდა, მთლიანად ლონდონის ინიციატივით. მან [კელინს] დიდი ბრიტანეთი იმ იმედით დატოვა, რომ კონსტრუქციული და პატივისცემაზე დაფუძნებული დიალოგი აღდგება, თუ დიდი ბრიტანეთი ჩვენი ქვეყნის მიმართ პოლიტიკას გადახედავს“, - განაცხადა რუსეთის საელჩოს წარმომადგენელმა.
კელინი დიდ ბრიტანეთში რუსეთის ელჩის თანამდებობას 2019 წლიდან იკავებდა.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge