მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: ილიას სახელით ილიას წინააღმდეგ
გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: ილიას სახელით ილიას წინააღმდეგ

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: ილიას სახელით ილიას წინააღმდეგ

ფორმულა|formulanews.ge

დღეს ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღეა - კაცის, რომელმაც ქართველ ერს მხოლოდ ლიტერატურული მემკვიდრეობა კი არა, მოქმედების გეგმაც დაუტოვა: მამული, ენა, სარწმუნოება; განათლება და შრომა; ეროვნული თვითმყოფადობა და ევროპული განვითარება; პიროვნების ღირსება და საზოგადოების პასუხისმგებლობა.

ილიასთვის ტრადიცია წარსულში ჩაკეტვა არ ყოფილა. ის ნიშნავდა ფესვებზე მყარად დგომას, რათა ერს წინ წასვლა შესძლებოდა. ამიტომაც სწავლობდა ევროპის გამოცდილებას, ქმნიდა გაზეთს, ბანკს, წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას, იბრძოდა თვითმმართველობისთვის, ეკონომიკური გაძლიერებისა და განათლებისთვის. თავის დროში ის იყენებდა ყველა თანამედროვე ინსტრუმენტს - მედიას, დღევანდელი გაგებით არასამთავრობო ორგანიზაციას, ფინანსურ ინსტიტუტს, საჯარო დისკუსიას - ქართველი ადამიანის გასათავისუფლებლად უმეცრებისგან, სიღარიბისა და იმპერიული მორჩილებისგან.

დღეს რომ ეცხოვრა, ახალ ტექნოლოგიასაც იმავე საზომით შეხედავდა: ემსახურება თუ არა ცოდნის გავრცელებას, თავისუფალ აზრს, საქართველოს გაძლიერებას? მისთვის ბრძოლა ფორმას შეიცვლიდა, მიზანს — არა.

და რამხელა უფსკრულია დღეს ილიასეულ ღირებულებებსა და იმ ფსევდოკონსერვატიზმს შორის, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი გვახვევს თავს.

„ქართული ოცნება“ ტრადიციას თავისუფლების შეზღუდვის საბაბად იყენებს; სარწმუნოებას - პოლიტიკური ლოიალობის შესამოწმებლად; მშვიდობას - შიშისა და უმოქმედობის გასამართლებლად; სუვერენიტეტს - დასავლელი პარტნიორებისგან საქართველოს იზოლირებისთვის. რუსეთთან კაპიტულანტურ დამოკიდებულებას კი სიფრთხილედ და ეროვნულ გონიერებად გვასაღებს.

მაგრამ ილიას საქართველო მორჩილი საქართველო არ ყოფილა. მისი ეროვნული იდეა გულისხმობდა განათლებულ, ეკონომიკურად ძლიერ, საკუთარ თავზე პასუხისმგებელ ერს - არა ხელისუფლების მოწყალებაზე ჩამოკიდებულ საზოგადოებას. მისი ევროპელობა საკუთარი თავის უარყოფა კი არა, სწორედ ქართული იდენტობის გადარჩენის გზა იყო. მან კარგად იცოდა: იმპერია ერს მხოლოდ ტერიტორიას არ ართმევს - ენას, მეხსიერებას, ღირსებასა და მომავლის არჩევის უნარსაც ებრძვის.

ჩვენმა ეკლესიამ ილია წმინდანად 1987 წელს, ილია მეორის პატრიარქობისას შერაცხა და წმინდა ილია მართალი უწოდა. ამ სახელში მთავარი სიტყვა „მართალია“. ამიტომ შეუძლებელია, ერთდროულად აღიარებდე ილიას ავტორიტეტს და ამართლებდე სიცრუეზე, შიშსა და რუსეთის მორჩილებაზე აგებულ პოლიტიკას. შეუძლებელია, მის პორტრეტთან იდგე და ებრძოდე თავისუფალ მედიას; მის სიტყვებს იმეორებდე და აუქმებდე ევროპულ მომავალს; მამულზე საუბრობდე და ოკუპანტის სახელის ხსენებასაც ხსენებასაც კი თავს არიდებდე.

ზუსტად 119 წლის წინ, წიწამურთან ილიას სიცოცხლე ქართველების ხელით წაართვეს. ეს ჩვენი ისტორიის მძიმე სიმართლეა: ერმა, რომელმაც ილია წარმოშვა, წარმოშვა მისი მკვლელებიც. დღესაც ამავე საზოგადოების სახელით მოქმედებენ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, ილია მხოლოდ უვნებელ სიმბოლოდ დატოვონ, ხოლო მისი სულიერი მემკვიდრეობა - სიმართლე, ცოდნა, თავისუფლება და ევროპული არჩევანი - საზოგადოებრივი ცხოვრებიდან განდევნონ.

მაგრამ ეს ამ ისტორიის მხოლოდ ერთი მხარეა. მეორე და უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ ილიას მკვლელებმა მიზანს ვერ მიაღწიეს. საქართველომ მისი სახელი შეინარჩუნა, მისი სიმართლე აღიარა და მისი ნააზრევი ეროვნულ გზამკვლევად აქცია. ეს ნიშნავს, რომ ამ ერში თვითგანადგურების ძალასთან ერთად განახლების გაცილებით დიდი ძალაც არსებობს.

რეჟიმებსს შეუძლიათ ილიას სიტყვები დროებით ჩაახშოს, დაამახინჯოს ან საკუთარ დეკორაციად აქციოს, მაგრამ ვერ წაგვართმევს შესაძლებლობას, კვლავ გავიგოთ მისი მთავარი სათქმელი: საქართველოს გადარჩენის გზა ცოდნაზე, თავისუფლებასა და საკუთარ ღირსებაზე გადის და არა შიშზე, მორჩილებასა და რუსეთის ჩრდილში ცხოვრებაზე.

ერი, რომელმაც ილია შვა, ამ არჩევანის გაკეთების ძალას დღესაც ფლობს.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოდან მოსკოვისკენ მიმავალი ავტობუსი სატვირთოს შეეჯახა, დაიღუპა 5 და დაშავდა 24 პირი

საქართველოდან მოსკოვისკენ მიმავალი ავტობუსი სატვირთოს შეეჯახა, დაიღუპა 5 და დაშავდა 24 პირი

ფორმულა

ზუგდიდში გაზგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა - დაშავდა 2 ადამიანი

ზუგდიდში გაზგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა - დაშავდა 2 ადამიანი

ფორმულა

პროკურატურამ დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარუდგინა

პროკურატურამ დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარუდგინა

ფორმულა

1795 აბიტურიენტს, ვინც მინიმალური ზღვარი გადალახა, "მეორადი ჩარიცხვის" შესაძლებლობა ექნება

1795 აბიტურიენტს, ვინც მინიმალური ზღვარი გადალახა, "მეორადი ჩარიცხვის" შესაძლებლობა ექნება

ფორმულა