
ევროსაბჭოს კომისარი ე.წ. FARA-ს სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავ კანონად მიიჩნევს — საია
ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო'ფლაჰერტი მიიჩნევს, რომ „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“, ე.წ. FARA-ს მიღება საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული შეზღუდვების ნაწილია და უარყოფითად მოქმედებს მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე.
ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) იუწყება. საიას ცნობით, კომისარმა წერილობითი მოსაზრება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს წარუდგინა, სადაც ორგანიზაციის მიერ ინიციირებული „ქართული FARA“-ს საქმე განიხილება და კომისარი საქმეში მესამე მხარის სტატუსით მონაწილეობს.
მისი შეფასებით, კანონის დებულებები ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დადგენილ კანონიერების, ლეგიტიმურობის, აუცილებლობისა და პროპორციულობის კრიტერიუმებს, ხოლო კომისარი ასევე მიუთითებს დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპზე. კომისრის შეფასებით, კანონი შეიცავს ბუნდოვან ფორმულირებებს და ზედმეტად ფართოდ განმარტავს „პოლიტიკურ საქმიანობას“, რაც ართულებს იმის გაგებას, თუ ვისზე ვრცელდება ის; კანონი ქმნის ადმინისტრაციული კონტროლის რეჟიმს, რომელიც თავისი სიმკაცრით რუსულ „უცხოეთის აგენტების“ კანონებს უთანაბრდება; წესების განზრახ დარღვევისთვის გათვალისწინებულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, მათ შორის 5 წლამდე პატიმრობა; ტერმინ „აგენტის“ გამოყენებას საზოგადოებრივ აღქმაში ნეგატიური მნიშვნელობა აქვს და კანონი სამოქალაქო სექტორის სტიგმატიზაციას იწვევს.
კომისარი ასევე მიუთითებს ხელისუფლების მხრიდან არასამთავრობო ორგანიზაციებისა და უფლებადამცველების „სახელმწიფოს მტრებად“ მოხსენიებაზე. მისი შეფასებით, კანონი მიზანმიმართულად ეხება კონკრეტულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც უცხოურ დაფინანსებას იღებენ და კომისარი მათ მიმართ ამგვარ განსხვავებულ მოპყრობას გაუმართლებლად მიიჩნევს, ხოლო კომისარი ვარაუდობს, რომ სტრასბურგის სასამართლომ შესაძლოა კანონის მიღება იმ ფართო შეზღუდვების ნაწილად მიიჩნიოს, რომელთა მიზანიც მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილი ორგანიზაციების დაშინება და სამოქალაქო აქტივისტების დისკრედიტაციაა.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge