
გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: ძალაუფლება და მისი ფასი
დღეს 4 ოქტომბერია. ერთი წლის წინ, თვითმმართველობის არჩევნებისა და ოპოზიციის მნიშვნელოვანი ფრთის ბოიკოტის ფონზე, თავისუფლების მოედანზე შეკრებილი ადამიანების ნაწილს ხელისუფლების სწრაფი დასასრულის მოლოდინი ჰქონდა. ამ მოლოდინს ორგანიზატორების განცხადებები კვებავდა: თითქოს იცოდნენ რაღაც ისეთი, რასაც წინასწარ ვერ გაამხელდნენ, მაგრამ რაც ხელისუფლების დასასრულს აუცილებლად მოიტანდა.
საპროტესტო გამოცდილების მქონე ბევრ ადამიანს ამ ბუნდოვან დაპირებაზე დიდი იმედი არ დაუმყარებია. ბევრი მოედანზე სხვა მიზეზით მივიდა - ქვეყნის რუსეთიზაციის, საკუთარი ხალხის უმოწყალო რბევისა და შეურაცხყოფის, ევროპული მომავლის წართმევის გასაპროტესტებლად. მათი მონაწილეობა ორგანიზატორების გეგმისადმი ნდობას არ ნიშნავდა; ეს ბიძინას მონობისადმი დაუმორჩილებლობის გამოხატვა იყო. შემდეგ ბევრი რამ მოხდა გაუგებარი და დღემდე გაურკვეველი.
პრეზიდენტის რეზიდენციასთან განვითარებულ მოვლენებს დაშლა, დაკავებები და მოგვიანებით მრავალწლიანი განაჩენები მოჰყვა. ორგანიზატორებისა და მონაწილეების ნაწილი დღესაც პატიმრობაშია. ამ მოვლენების შეფასებას ცალკე საუბარი სჭირდება. დღეს უფრო ფართო კონტექსტის კითხვას დავსვამთ: თოთხმეტი წლის შემდეგ სადამდე მივიდა და რა წერტილშია ივანიშვილის მმართველობა?
2012 წლის პირველ ოქტომბერს საქართველოში ხელისუფლება არჩევნებით, მშვიდობიანად შეიცვალა. დღეს იმავე გზით მისი შეცვლის წარმოდგენაც კი უკიდურესად რთულია. ეს ალბათ ყველაზე მკაფიო საზომია იმ გზისა, რომელიც ქვეყანამ გამოიარა და რა წერტილშიც მოვიდა: მაშინ მმართველმა არჩევნებში დამარცხება აღიარა; ახლა მთელი სისტემა დამარცხების შესაძლებლობის გამოსარიცხად მუშაობს.
ეს თოთხმეტი წელი ერთგვაროვანი არ ყოფილა. 2016 წლისთვის საწყისი კოალიცია დაიშალა და მასთან ერთად ძალაუფლების შიგნით არსებული შეზღუდული პოლიტიკური მრავალფეროვნებაც დასრულდა. „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა. განსხვავებული პოლიტიკური ხმების ადგილი სულ უფრო ვიწროვდებოდა. 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, საგარეო პოლიტიკური არჩევანი კიდევ უფრო მკაფიო და ხისტი გახდა. ივანიშვილის ხელისუფლების პასუხიც თანდათან გამოიკვეთა: ავტორიტარული ღერძის, განსაკუთრებით რუსეთის მიმართ ლოიალობა, ზოგთან სტრატეგიული მოკავშირეობაც, დასავლეთთან დაპირისპირება და ქვეყნის შიგნით კონტროლის გაძლიერება.
საქართველოში სასამართლოს ხელისუფლების შემაკავებელ ფაქტორად არასოდეს უმუშავია და ახლა მით უმეტეს; პოლიტიკური კონკურენცია რეპრესიებით იზღუდება; სამოქალაქო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის საქმიანობისთვის კლიმატი სულ უფრო მძიმდება. თუმცა თავისუფალი სივრცეები, უმძიმესი პირობების მიუხედავად, ჯერ კიდევ არსებობს. მათ შორისაა ეს ეთერიც.
ნიშნავს ეს, რომ ივანიშვილს სისტემის ბოლომდე ჩაკეტვა არ სურს? თუ ნიშნავს, რომ ამის ფასი ჯერ მისთვისაც მეტისმეტად მაღალია?
ძალაუფლების მონოპოლია და საზოგადოების დამორჩილება ერთმანეთისგან განსხვავდება. შეიძლება აკონტროლებდე პარლამენტს, სასამართლოსა და პოლიციას, მაგრამ მაინც ვერ აქციო საკუთარი მმართველობა საყოველთაოდ მიღებულ წესრიგად. პროტესტის შესუსტება მის გაქრობას არ ნიშნავს. ოპოზიციის სისუსტე ხელისუფლებისადმი ნდობის მტკიცებულება ვერ იქნება. შიშით და რეპრესიით მიღებული სიჩუმე კი თანხმობის სანდო საზომი ნამდვილად არ არის.
შესაძლოა, ივანიშვილი ზეწოლას ეტაპობრივად აძლიერებდეს და ყველა თავისუფალი სივრცის ერთდროულად დახურვას ერიდებოდეს იქ, სადაც წინააღმდეგობისა და მოსალოდნელი დანაკარგის ფასი მისთვის ჯერ მეტისმეტად მაღალია. ეს მისი შესაძლო გათვლის შეფასებაა და არა დადასტურებული ცოდნა მის გადაწყვეტილებებზე. მაგრამ ასეთი ტაქტიკაც უკიდურესად საშიშია და ზომიერ მიდგომად ვერ ჩაითვლება. ხანგრძლივად გაწელილი ზეწოლაც ანადგურებს ინსტიტუტებს და ადამიანებს ქვეყნიდან წასვლისკენ უბიძგებს.
საგარეო გათვლაც ამავე ლოგიკაში ჯდება. დასავლეთთან კონფრონტაციით ხელისუფლება ევროპულ პერსპექტივას აზიანებს და რუსეთის ინტერესებს ემსახურება. მოსკოვი კი ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას ძალაში ტოვებს და მათ რუსეთთან ინტეგრაციას აღრმავებს. ეს პოლიტიკა საფუძველს აცლის პროპაგანდისტულ დაპირებას, თითქოს დასავლეთიდან დაშორება და რუსეთთან დაახლოება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზას გვიხსნის.
შესაძლოა, ივანიშვილი უკრაინის ომის შედეგს ელოდებოდეს, რათა შემდგომი ნაბიჯების ფასი დაითვალოს. მოლოდინის ამ რეჟიმში ქვეყანა კარგავს შესაძლებლობებს, რომლებსაც შემდეგ ვეღარ დაიბრუნებს.
შიდა წრეში მიმდინარე გამოხშირვაც საყურადღებოა. ყოფილი პრემიერის პატიმრობა თავისთავად სასახლის შეთქმულებას არ ამტკიცებს, თუმცა გვახსენებს, რამდენად პირობითია ასეთ სისტემაში გარანტიები. როცა ინსტიტუტებს ერთი ადამიანის ნება და მით უმეტეს პარანოიდული ხასიათი ცვლის, გუშინდელი ერთგულებაც ვეღარ უზრუნველყოფს ხვალინდელ უსაფრთხოებას. უნდობლობა და მუდმივი ერთგულების შემოწმება პერსონალისტურ მმართველობას ახასიათებს; ამ ნიშნების არსებობა ჯერ კიდევ არ ნიშნავს დასრულებულ ტოტალიტარულ სისტემას.
ივანიშვილმა ძალაუფლების მონოპოლიზაციაში გაცილებით მეტს მიაღწია, ვიდრე საზოგადოების დამორჩილებაში. მაგრამ ეს მის მოწინააღმდეგეებს წარმატების ავტომატურ გარანტიას არ აძლევს. ხელისუფლების მიუღებლობა ჯერ კიდევ არ ნიშნავს ცვლილების უნარს. ამისთვის საზოგადოების წინააღმდეგობას ორგანიზება, პოლიტიკურ ალტერნატივას კი სანდოობა სჭირდება.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge