
აშშ Fort Hood-ის მსროლელის დახვრეტას პირდაპირ ეთერში გადასცემს — პენტაგონის გადაწყვეტილება
აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო პირდაპირ ეთერში გადასცემს არმიის ყოფილი მაიორისა და სამხედრო ფსიქიატრის, ნიდალ ჰასანის სიკვდილით დასჯას, რომელმაც 2009 წელს ფორტ ჰუდის (Fort Hood) სამხედრო ბაზაზე 13 ადამიანი მოკლა, — ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ეს იქნება აშშ-ის ისტორიაში სიკვდილით დასჯის პირველი პრეცედენტი, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემა.
56 წლის ნიდალ ჰასანი გახდება პირველი სამხედრო 1945 წლის შემდეგ, რომელსაც აშშ-ის არმია დახვრეტით დასჯის. სიკვდილით დასჯა დაგეგმილია 3 დეკემბერს, სწორედ იმავე ტექსასის სამხედრო ბაზაზე და იმავე დროს (ხუთშაბათს, 13:00 საათზე), როდესაც მან 2009 წელს ცეცხლი გახსნა.
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა (Pete Hegseth) დაადასტურა პირდაპირი ეთერის გეგმა და განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ცალსახა იყო: „ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ხალხმა შეძლოს ამის ყურება, რადგან საზოგადოებამ უნდა გაიგოს, რომ ასეთ ქმედებებს მკაცრი შედეგები მოჰყვება“. კითხვაზე, ჰქონდა თუ არა ჰასანს რაიმე საბოლოო თხოვნა, ჰეგსეთმა უპასუხა: „არ მაინტერესებს. მას 3 დეკემბერს შევხვდებით“.
ექსპერტების თქმით, მსოფლიოში არ არსებობს პრეცედენტი, როდესაც სახელმწიფოს კანონიერი სიკვდილით დასჯა ტელევიზიით ან ინტერნეტით პირდაპირ ეთერში გადაეცეს. აშშ-ში ოფიციალური საჯარო სიკვდილით დასჯა 1936 წლის შემდეგ არ ჩატარებულა.
სამხედრო ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ჰასანს სიკვდილით დასჯა 2013 წლის აგვისტოში გამოუტანა, მას შემდეგ, რაც იგი ცნეს დამნაშავედ წინასწარ განზრახული მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის 45 ეპიზოდში. დაკავებისას პოლიციის მიერ მიყენებული ცეცხლნასროლი ჭრილობის გამო ჰასანი ნაწილობრივ პარალიზებულია და ეტლით გადაადგილდება.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge