
ზელენსკი: პარტნიორებისგან სადაზვერვო გაფრთხილება არ მიგვიღია ღამით რუსეთის დარტყმამდე
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გუშინ საღამოდან ამ დრომდე რუსეთმა უკრაინაზე ასზე მეტი სხვადასხვა ტიპის იარაღით მიიტანა იერიში რეაქტიული დრონებით, კამიკაძე-დრონებითა და ბალისტიკური რაკეტებით. მისი თქმით, მოიერიშე საშუალებების მნიშვნელოვანი ნაწილი ჩამოაგდეს, თუმცა, სამწუხაროდ, ყველა მათგანის განადგურება ვერ მოხერხდა.
უკრაინის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ უკრაინას პარტნიორებისგან არანაირი სადაზვერვო გაფრთხილება არ მიუღია გუშინ ღამით რუსეთის მიერ განხორციელებულ დარტყმამდე.
"ხარკოვში ჩვეულებრივი საცხოვრებელი კორპუსი განადგურდა. მაშველები თითქმის მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ და ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს ეძებდნენ. ხარკივში, საცხოვრებელ კორპუსზე განხორციელებულ ამ დარტყმას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს. მხოლოდ ხარკივში, ერთ საღამოს, 41 ადამიანი დაშავდა.
ასევე, კიევზე ბალისტიკური რაკეტებით განსაკუთრებით სასტიკი იერიში განხორციელდა - ხუთი რაკეტა სამოქალაქო ინფრასტრუქტურას მოხვდა. სამწუხაროდ, პარტნიორებისგან ამ თავდასხმის შესახებ წინასწარი გაფრთხილება არ მიგვიღია.
რუსული ბალისტიკური რაკეტების გაშვების შესახებ სადაზვერვო ინფორმაცია ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას უწყობს ხელს და ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია. სწორედ ბალისტიკური რაკეტების შესახებ წინასწარი გაფრთხილება გვეხმარება ადამიანების დაღუპვის თავიდან აცილებაში", - თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკის არ დაუზუსტებია, თუ რატომ არ მიუღია გაფრთხილება და კონკრეტულად რომელი პარტნიორებისგან ელოდა უკრაინა ინფორმაციას.
ზელენსკის თქმით, მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა, უკვე ორი დღეა, უკრაინას რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და, ზოგადად, ენერგეტიკულ სექტორზე დარტყმები არ განუხორციელებია. თუმცა, რუსეთმა აშშ-ის პრეზიდენტის მოწოდება არ გაითვალისწინა.
"ამ პერიოდში რუსებმა იერიში მიიტანეს როგორც ჩვენს ენერგეტიკულ ობიექტებზე, ისე კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე და სრულიად მკაფიოდ აჩვენეს, რომ უკრაინაზე თავდასხმების შეწყვეტას არ აპირებენ. მხოლოდ ამ ორი დღის განმავლობაში თავდასხმის სამიზნე ჩვენი ქვეყნის 19 რეგიონი გახდა.
ჩვენი პოზიცია უცვლელია: უკრაინა მზად არის დეესკალაციისკენ მიმართული საპასუხო ნაბიჯებისთვის, თუმცა ამის მისაღწევად აუცილებელია რუსეთზე ეფექტიანი ზეწოლა. ომები მაშინ სრულდება, როდესაც აგრესორი აცნობიერებს, რომ ომის გაჭიანურებას ვეღარ შეძლებს.
რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლა სწორედ ამ მიზანს ემსახურება - მშვიდობის მოახლოებას", - აღნიშნა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთისთვის პირდაპირი ან ირიბი მხარდაჭერა, უკრაინისთვის დახმარების შეფერხება და ბალისტიკური რაკეტებისგან ადამიანების სიცოცხლის დაცვის გართულება მშვიდობის დამყარებას ნამდვილად ვერ შეუწყობს ხელს.
მისი თქმით, მშვიდობა ყველას სჭირდება, რისთვისაც საჭიროა ძლიერი ამერიკა, ძლიერი ევროპა და ძლიერი პარტნიორები.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge