
ლელო - ძლიერი საქართველო საკონსტიტუციოში პარტიების აკრძალვის პროცესებს დაესწრება
ლელო - ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი სიორიძემ განაცხადა, რომ პარტიის წარმომადგენლები საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესზე მივლენ და დაესწრებიან.
გიორგი სიორიძის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლო იქნება ის პლატფორმა, რომლიდანაც ქართულ ოცნებას ამხელენ საერთაშორისო თანამეგობრობისა და ქართული საზოგადოების წინა, რათა ქართულმა ოცნებამ გადაიხადოს "უმძიმესი პოლიტიკური ფასი".
"კოალიცია „ძლიერი საქართველო - ლელო” 21 ოქტომბრიდან, თავისი კვალიფიციური იურისტების გუნდთან ერთად საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესზე იქნება წარმოდგენილი. ჩვენ გამოვიყენებთ ინსტიტუციური ბრძოლის ყველა პლატფორმას. საკონსტიტუციო სასამართლო იქნება ტრიბუნა, რომლითაც ვამხელთ “ქართულ ოცნებას” ქართული საზოგადოების, საერთაშორისო თანამეგობრობისა და ისტორიის წინაშე.
საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენი მონაწილეობით “ქართული ოცნების” პოლიტიკური განაჩენის მნიშვნელოვანი მონაკვეთი დაიწერება, სამართლებრივ საფუძველს მისცემს საერთაშორისო საზოგადოებასა და ინსტიტუტებს შესაბამისი რეაგირებისთვის. “ქართულ ოცნებას” მოუწევს გადაიხადოს უმძიმესი პოლიტიკური ფასი", - განაცხადა მან.
საკონსტიტუციო სასამართლო პარტიების აკრძალვაზე ქართული ოცნების სარჩელის განხილვას 21 ოქტომბერს დაიწყებს და ის 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება.
სასამართლოს ვებგვერდზე 13 ოქტომბერს გამოქვეყნებული საოქმო ჩანაწერის თანახმად, საქმეს პლენუმი განიხილავს, რომელიც 7 მოსამართლით იქნება დაკომპლექტებული.
აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი მოსამართლე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი, მანანა კობახიძე პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული კონსტიტუციური სარჩელის განხილვიდან თვითგანრიდებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლის მოთხოვნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. მოგვიანებით, მანანა კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე დატოვა.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge