
აშშ-ში რუსეთის მოქალაქეს სანქციების დარღვევასა და კონტრაბანდაში ედავებიან
რუსეთის მოქალაქე ალექსანდრ სუვოროვი, რომელსაც აშშ რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების დარღვევასა და კონტრაბანდაში ეჭვმიტანილად მიიჩნევს, შვედეთიდან შეერთებულ შტატებს გადასცეს. მისი საქმის პირველი სასამართლო სხდომა 16 ოქტომბერს, ნიუ-იორკის შტატის ქალაქ ოლბანიში გაიმართება.
52 წლის სუვოროვს აშშ-ის ხელისუფლება ედავება, რომ 2022-2023 წლებში ის ხელმძღვანელობდა ქსელს, რომელიც ჰონგ-კონგში რეგისტრირებული კომპანიების მეშვეობით აშშ-დან რუსეთში ელექტრონულ კომპონენტებს უკანონოდ გზავნიდა.
გამოძიების თანახმად, ექსპორტირებული კომპონენტები ორმაგი დანიშნულების იყო — მათი გამოყენება შესაძლებელი იყო როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო მიზნებისთვის. მათ შორის, ზოგიერთი კომპონენტი შესაძლოა სამხედრო რადიოლოკაციურ სისტემებშიც გამოიყენებოდეს.
აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სუვოროვს ბრალი ედება ფულის გათეთრების მიზნით შეთქმულებაში, საექსპორტო კონტროლის კანონმდებლობის დარღვევასა და კონტრაბანდაში.
ბრალდებების მიხედვით, ფულის გათეთრების მიზნით შეთქმულებისა და საექსპორტო კონტროლის კანონის დარღვევისთვის შესაძლოა 20-20 წლამდე პატიმრობა შეეფარდოს, ხოლო კონტრაბანდისთვის — ხუთ წლამდე პატიმრობა.
სუვოროვი შვედეთში დააკავეს, 15 ოქტომბერს კი ის აშშ-ს გადასცეს. მისი საქმის განხილვა ამერიკულ სასამართლოში დაიწყება, სადაც ბრალდების მხარემ წარდგენილი ბრალდებები უნდა დაასაბუთოს.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge