
ადვოკატი: ფეიქრიშვილს ფიზიკური დაზიანება მიაყენეს სხვებთან ერთად ყიფიანმა და ბილანიშვილმა
ძმები ფეიქრიშვილების ადვოკატმა გლდანის პენიტენციური დაწესებულება დატოვა. მან დავით ფეიქრიშივილი მოინახულა, რომლის შესახებაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ წუხელ კლინიკა ვივამედში გადაიყვანეს.
სპეციალური პენიტენციური სამსახური პატიმარ დავით ფეიქრიშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას მისი ცემის შესახებ, კატეგორიულად გამორიცხავს.
ადვოკატის პაატა გოგიაშვილის თქმით კი, პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა სავალალოა, აღენიშნება ფიზიკური დაზიანებების კვალიც.
ადვოკატი აღნიშნავს, რომ დაკავებულს ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს ვატო ყიფიანმა, ავთანდილ ბილანიშვილმა იგივე [კაწრომ], შოთა ყიფიანმა, კაჭარავამ და გოცირიძემ. მისი თქმით, ეს ადამიანები იმიტომ დაიჭირეს, რომ ძმები ფეიქრიშვილებისგან მიიღონ ინფორმაცია.
"ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სავალალო, აღენიშნება ფიზიკური დაზიანებების კვალი, რომელიც მას მიადგა 16 ოქტომბრის შემდეგ. მისი გადმოცემით, ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს ვატო ყიფიანმა, ბილანიშვილმა, შოთა ყიფიანმა, კაჭარავამ და გოცირიძემ.
16 ოქტომბრის შემდეგ მასზე ხორციელდება ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა. ისეთ უკიდურეს მდგომარეობაშია, რომ მიიყენა ფიზიკური დაზიანებები.
ეს სამი პიროვნება იმის გულისთვის არიან დაჭერილები, რომ ძმები ფეიქრიშვილებისგან მიიღონ ინფორმაცია, ითხოვენ მობილურ ტელეფონზე დაყენებულ კოდს. გოგა ფეიქრიშვილსაც აქვს დაზიანება, გუშინ ვენები გადაიჭრა, რადგან ძმის სიცოცხლე გადაერჩინა",- თქვა ადვოკატმა "ფორმულასთან".
ძმები გიორგი და დავით ფეიქრიშვილები 22 სექტემბერს დააკავეს.
23 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ტყუპ ძმებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, პატიმრობა შეეფარდა ასევე მათ პირად მცველს, ალექსანდრე ჩაფოძეს.
გიორგი ფეიქრიშვილს ედავებიან დიდი ოდენობით თანხის გამოძალვას ბიზნესმენ რატი გურგენიშვილისთვის, ბრალდება 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
დავით ფეიქრიშვილსა და ალექსანდრე ჩაფოძეს ჯგუფურ ხულიგნობას ედავებიან, რაც 2-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ფეიქრიშვილების სახელი ბოლო წლებში არაერთ გახმაურებულ საქმეში ფიგურირებს. ძმები 2016 წელს, იარაღის უკანანო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის იყვნენ დაკავებული, მათი სახელი უკავშირდებოდა ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის, სოსო ჯოხაძის მკვლელობის საქმეს, 2020 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ იგეგმებოდა ფეიქრიშვილების აფეთქება, რისთვისაც 6 პირი დააკავეს. 2023 წელს დავით ფეიქრიშვილი ბრალდებული იყო კრიპტოვალუტის გადამცვლელ ოფისში ყაჩაღობის საქმეზე.
რამდენიმე დღის წინ დააკავეს ასევე ე.წ კრიმინალური ავტორიტეტები ვატო ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი, მეტსახელად "კაწრო", და შოთა ყიფიანი, ისინი ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, 14 ოქტომბერს, თბილისის ერთ-ერთ რესტორანში, დაკავებულები ფიზიკურად გაუსწორდნენ დაზარალებულს, რომლის ვინაობაც უცნობია და რომელმაც, პროკურატურის ინფორმაციით, "ფიზიკური ტკივილი განიცადა". დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამივე ბრალდებული დუმილის უფლებით სარგებლობს.
ვატო ყიფიანს წარსულში არაერთი ნასამართლეობა აქვს; ბოლოს კი საქართველოში 2021 წელს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს მას შემდეგ, რაც ის უკრაინიდან გამოაძევეს.
აღსანიშნავია, რომ 2020 წელს, გავრცელებული ინფორმაციით, პროკურატურამ ყიფიანი კრიმინალურ ავტორიტეტებად ცნობილი ძმები ფეიქრიშვილების მკვლელობის ორგანიზების წარუმატებელ მცდელობებში დაადანაშაულა.
რაც შეეხება ავთანდილ ბილანიშვილს იგივე "კაწროს" მედიაში ცნობილია, როგორც ბერა ივანიშვილის მეგობარი.
საზოგადოების ყურადღების ცენტრში პირველად 2019 წელს მოექცა, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ის 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გამოკითხა. მოგვიანებით, უწყებამ განაცხადა, რომ ბილანიშვილი საქმის ფარგლებში შესწავლილ ვიდეომასალაში არ ჩანდა.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge