
ევროპარლამენტი EU-ს მოუწოდებს, შავ ზღვაში საზღვაო ოპერაციის დაწყების საკითხი განიხილოს
ევროპარლამენტი EU-ს მოუწოდებს, შავ ზღვაში საზღვაო ოპერაციის დაწყების საკითხი განიხილოს.
ევროპარლამენტის მიერ გამოქვეყნებული პრესრელიზის მიხედვით, საუბარია რუმინეთსა და ბულგარეთში სამოქალაქო-სავაჭრო გემებზე მიტანილ იერიშებზე.
"ბულგარეთისა და რუმინეთის სანაპიროებთან განხორციელებული ბოლო სასიკვდილო დარტყმების, ასევე რუმინეთის საჰაერო სივრცის განმეორებითი დარღვევების მკაცრი დაგმობისას, ევროპარლამენტი პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს სამოქალაქო გემებზე თავდასხმებისა და უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული აგრესიული ომის დასავლეთ შავ ზღვაში ესკალაციისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.
მიღებულ რეზოლუციას მხარი დაუჭირა 432-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო 52, ხოლო 88-მ თავი შეიკავა. რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ ეს თავდასხმები რუსეთის ესკალაციის მკაფიო ტენდენციის ნაწილია.
მათი შეფასებით, შავი ზღვის რეგიონში ვითარების გაუარესების მთავარი მიზეზი რუსეთია.
დეპუტატები სინანულს გამოთქვამენ ბულგარეთის მხრიდან რუსეთის მიმართ სუსტი დიპლომატიური რეაგირების გამო და ბულგარეთის პრემიერ-მინისტრ რუმენ რადევს მოუწოდებენ, მოკავშირეთა სოლიდარობის მოთხოვნებს კონკრეტული ქმედებები შეუსაბამოს. ისინი ასევე მოუწოდებენ ბულგარეთს, შეწყვიტოს ნატოს ანტიდრონულ ინიციატივაში - "საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები დაბალი სიმაღლიდან მომდინარე საჰაერო საფრთხეების წინააღმდეგ" მონაწილეობასთან დაკავშირებული შეფერხებები.
ევროპარლამენტის განცხადებით, ევროკავშირს შავ ზღვაში სამხედრო-საზღვაო ოპერაციის დაწყების საკითხის განხილვას, ხოლო NATO-ს "შავი ზღვის საგუშაგოს" შექმნისკენ მოუწოდებენ. მათი განცხადებით, ევროკავშირმა და მისმა წევრმა სახელმწიფოებმა შავ ზღვაში ევროკავშირის სამხედრო-საზღვაო ოპერაციის დაწყების საკითხი უნდა განიხილონ. ისინი ხაზს უსვამენ, რომ ნაოსნობის თავისუფლება და საზღვაო უსაფრთხოება NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის, შავი ზღვის რეგიონისა და დუნაის დელტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის განუყოფელი ნაწილია.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge