მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: ძველი მტრის სახელით - "სხვა" არჩევანის წინააღმდეგ აკრძალავენ თუ არა ლელოს და გახარიას?
გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: ძველი მტრის სახელით - "სხვა" არჩევანის წინააღმდეგ აკრძალავენ თუ არა ლელოს და გახარიას?

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: ძველი მტრის სახელით - "სხვა" არჩევანის წინააღმდეგ აკრძალავენ თუ არა ლელოს და გახარიას?

ფორმულა|formulanews.ge

დღეს 28 ოქტომბერია. ზუსტად 36 წლის, საქართველოში პირველი მრავალპარტიული არჩევნები გაიმართა. ეროვნულ-განმათავისუფლებელმა მოძრაობამ ბრძოლა სახელმწიფო ინსტიტუტებში გადაიტანა და გზა გაუხსნა რეფერენდუმს, შემდეგ კი - საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას.

ამ გზას წინ უძღოდა და შემდეგაც მოჰყვა მსხვერპლი: რეპრესიები, 9 აპრილი, პროვოცირებული კონფლიქტები, ომები, სახელმწიფო გადატრიალება, ოკუპირებული ტერიტორიები, ქართველების ეთნიკური წმენდა, ეკონომიკის ნგრევა, სიღატაკე, რუსეთის მიერ მოწყობილი ტერაქტები სახელმწიფოს მეთაურებზე და მკვლელობები, გეოპოლიტიკური როლის შეძენა, სახელმწიფოს ინსტიტუციური გამართვა, რეფორმების რეგიონალურ ლიდერად ჩამოყალიბება და თაობების თავდადება იმისთვის, რომ თავისუფლების იდეა დამოუკიდებელ, დემოკრატიულ სახელმწიფოდ გვექცია.

დღეს ამხელა მსხვერპლის ფასად მიღწეული ორივე მთავარი მონაპოვარი საფრთხის ქვეშაა: ქვეყნის სუვერენიტეტიც და მოქალაქის პოლიტიკური თავისუფლებაც. საქართველოს უახლეს ისტორიაში დამოუკიდებლობის იდეა, უპირველესად, რუსეთის იმპერიული გავლენისგან თავის დაღწევას ნიშნავდა; მეორე - ისეთი სახელმწიფოს აშენებას, სადაც ხელისუფლებას მოქალაქე ირჩევს და ცვლის.

ახლა კი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს პროცესი, რომელმაც მოქალაქეს არჩევანი უნდა შეუზღუდოს, ხოლო სარჩელში გამოყენებული არგუმენტებით, საქართველოს საკუთარი ხალხისა და ტერიტორიის დაცვის უფლება და საფუძველი გამოაცალოს. ხელისუფლების კონკრეტული სამხედრო-პოლიტიკური გადაწყვეტილებების შეფასება ერთია; აგრესიის მსხვერპლი სახელმწიფოს წინააღმდეგ ისეთი ლოგიკის დამკვიდრება, რომელიც საკუთარ ტერიტორიაზე თავდაცვას დანაშაულად წარმოაჩენს - სრულიად სხვა.

ამ პროცესის დიდ პოლიტიკურ კონტექსტზე "დროების" ბოლო ედიტორიალში ვისაუბრეთ: პუტინის მრუდე სარკისებრ სტრატეგიაზე, რომელიც დასავლური დემოკრატიის თავდაცვის მექანიზმებს შინაარსს უცვლის და თავისუფლების გასაუქმებლად იყენებს.

დღეს ამავე პროცესს შიგნიდან შევხედოთ. ვცადოთ იმ პოლიტექნოლოგიური გათვლის ამოცნობა, რომელმაც ხუთი პოლიტიკური პარტია ერთ ასაკრძალ სიაში მოაქცია.

კერძოდ: რატომ აღმოჩნდნენ ამ სიაში "ლელო" და "გახარია საქართველოსთვის"?

"ნაციონალური მოძრაობის" აკრძალვის სურვილი "ქართული ოცნებისგან" არავის გაჰკვირვებია. არც ის, რომ ამ განზრახვას იმ პოლიტიკურ ძალებზეც ავრცელებენ, რომელთა ლიდერებს წინა ხელისუფლებასთან პოლიტიკური წარსული აკავშირებთ. "კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა" დიდი ხანია ხელისუფლების უნივერსალური იარლიყია: ვისაც მთავარ მტრად გამოაცხადებენ, ამ ეტიკეტს მიაკრავენ.

მაგრამ "ლელოსა" და გახარიას პარტიის შემთხვევაში ეს კონსტრუქცია კიდევ უფრო აშკარად ირღვევა.

ეს პოლიტიკური ძალები "ნაციონალური მოძრაობისგან" არ წარმოშობილან. მათ რიგებში არიან ადამიანები, რომელთა დაპირისპირებასაც წინა ხელისუფლებასთან ოცნების დღევანდელ სახეებთან და თვით ივანიშვილთან შედარებითაც კი გაცილებით ხანგრძლივი და თანმიმდევრული ისტორია აქვს. გახარიას პოლიტიკური ბიოგრაფია ხომ უშუალოდ "ქართული ოცნების" ხელისუფლებას უკავშირდება - იმ ხელისუფლებას, რომლის პრემიერ-მინისტრიც თავად იყო.

კითხვაც ბუნებრივად იბადება: თუკი ივანიშვილს "ნაციონალური მოძრაობის" მტრის ხატის შენარჩუნება სჭირდება, რატომ ერჩის იმ ძალებსაც, რომლებიც ამ პოლიტიკური წარსულისგან განსხვავებულ არჩევანს სთავაზობენ ამომრჩეველს?

ერთი შეხედვით, ხელისუფლებას მათი არსებობა უნდა აწყობდეს. ოპოზიციური ხმები ნაწილდება, პოლიტიკური კონკურენტები ერთმანეთს ეცილებიან, "ოცნება" კი საკუთარ მხარდამჭერს ისევ ძველი საფრთხით აშინებს.

მაგრამ ეს ლოგიკა მოქმედებს მანამდე, სანამ ხელისუფლება კონკურენციის მართვით კმაყოფილდება.

როცა ამოცანა ძალაუფლების განუსაზღვრელი ვადით შენარჩუნებაა, მეტ-ნაკლები რესურსის მქონე დამოუკიდებელი პოლიტიკური ალტერნატივის არსებობაც კი დიდ რისკად იქცევა.

სწორედ აქ შეიძლება ვეძებოთ პასუხი.

ივანიშვილისთვის საფრთხე მხოლოდ ის ამომრჩეველი არ არის, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობას" უჭერს მხარს და "ოცნების" წინააღმდეგ წლებია მტკიცედ დგას. არანაკლებ, და შეიძლება უფრო მეტად გადამწყვეტ ფაქტორად იქცევა საკუთარი იმედგაცრუებული ამომრჩეველი - ადამიანი, რომელსაც ხელისუფლება აღარ მოსწონს, მაგრამ ე.წ. კოლექტიური ნაცმოძრაობის დაბრუნების შიში ისევ აკავებს.

ასეთი ადამიანისთვის "ნაციონალური მოძრაობა," ხშირად, მისი პოლიტიკური გამოსავლისთვის, ჩაკეტილი გზაა. სხვა პოლიტიკური ძალა კი შეიძლება გასასვლელი აღმოჩნდეს.

შეიძლება მოქალაქე ქუჩის პროტესტში არ მონაწილეობდეს, მაგრამ ფასების ზრდა უკიდურესად აწუხებდეს. შეიძლება ხელისუფლების საგარეო კურსის ყველა შედეგს ვერ ხედავდეს, მაგრამ ევროპული მომავლის დაკარგვა და რუსეთთან და ირანთან იზოლირება არ უნდოდეს. შეიძლება რაღაც თემებზე „ოცნების“ პროპაგანდის ნაწილსაც იზიარებდეს, თუმცა კორუფციას, უსამართლობასა და ერთი კაცის შეუზღუდავ ძალაუფლებას აღარ ეგუებოდეს.

ასეთ ამომრჩეველთან მისასვლელად ძველი პარტიული ერთგულება ყოველთვის საკმარისი არ არის. საჭიროა პოლიტიკური შეთავაზება, რომელსაც ის საკუთარ წარსულ არჩევანზე უარის თქმისა და მისთვის მიუღებელ ბანაკში გადასვლის გარეშე მიიღებს.

"ლელოსა' და გახარიას პარტიას, განსხვავებული მიზეზებითა და განსხვავებული მასშტაბით, სწორედ ამ სივრცეში მოქმედების შესაძლებლობა აქვთ.

ეს არ ნიშნავს, რომ მათ მხარდაჭერის მოპოვება გარანტირებული აქვთ. ნიშნავს, რომ შესაბამისი ორგანიზაციული, ფინანსური, საკომუნიკაციო რესურსით, ასაკრძალთა რადარზე ჯერ არ მოხვედრილი, შედარებით ახალი და პატარა პარტიული წარმონაქმნების მოზიდვისა და გამსხვილების სტრატეგიით, შეუძლიათ უკმაყოფილება პოლიტიკურ მხარდაჭერად აქციონ, შემდეგ კი - საარჩევნო შედეგად.

ხელისუფლებისთვის სახიფათო სწორედ ეს შესაძლებლობაა.

ვიდრე უკმაყოფილო მოქალაქე სახლში რჩება, მისი უკმაყოფილება ხელისუფლებისთვის ასატანია. როცა ამ მოქალაქეს პოლიტიკური მისამართი უჩნდება, უკმაყოფილება ძალაუფლების პრობლემად იქცევა.

ამიტომ ჩემი ერთ-ერთი ვარაუდი ასეთია: "ლელოსა" და გახარიას პარტიის გაუქმება ამ სარჩელში მეორეხარისხოვანი დამატება სულაც არ არის. შესაძლოა, სწორედ ეს იყოს მისი ერთ-ერთი მთავარი შიდა პოლიტიკური მიზანი - "ოცნებიდან" წამოსული ან პოლიტიკური პროცესისგან განზე მდგომი ამომრჩევლისთვის დამოუკიდებელი ალტერნატივისკენ მიმავალი გზის ჩაკეტვა.

ამ ლოგიკით, "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ წლების განმავლობაში შექმნილი განწყობა მთელი ოპერაციის გასამართლებლად გამოიყენება.

ივანიშვილს გაუჭირდებოდა საკუთარი მხარდამჭერისთვის აეხსნა, რატომ კრძალავს გახარიას პარტიასა და "ლელოს", ხოლო მთავარ მტრად გამოცხადებულ „ნაციონალურ მოძრაობას" ტოვებს. ამიტომ სჭირდება საერთო სია, საერთო ბრალდება და საერთო პოლიტიკური განაჩენი.

ძველი მტრის სახელით უნდა გაუქმდეს ის ალტერნატივაც, რომელსაც ხელისუფლებისგან განსხვავებული ამომრჩევლის წამოყვანა შეუძლია.

სწორედ ამიტომ არ მიმაჩნია დამაჯერებლად მოლოდინი, თითქოს სასამართლო მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური წარსულის მქონე ძალებს აკრძალავს, დანარჩენებს კი ფუნქციონირების საშუალებას დაუტოვებს.

შესაძლოა, გადაწყვეტილებები ეტაპებად მიიღონ. შესაძლოა, ვინმეს მიმართ განსხვავებული ფორმა გამოიყენონ. მაგრამ თუ ამოცანა დამოუკიდებელი საარჩევნო კონკურენციის გაუქმებაა, რომელიმე პარტიის დროებით დატოვება მისი უსაფრთხოების გარანტიას ვერ შექმნის.

ამ სისტემაში ნებადართული პოლიტიკური საქმიანობის საზღვარს სულ უფრო მეტად ერთი კითხვა განსაზღვრავს: შეგიძლია თუ არა ძალაუფლების მფლობელს რეალური პრობლემა შეუქმნა?

აქვე ჩნდება მეორე შეკითხვა: უღირს ივანიშვილს ამ ამოცანისთვის ქვეყნის კიდევ უფრო ღრმა იზოლაცია, ახალი სანქციების რისკი და საკუთარი გარემოცვისთვის დამატებითი პრობლემები?

პასუხისთვის უნდა გვახსოვდეს, ვისი გადასახედიდან ითვლება ეს ფასი.

ქვეყნისთვის მიყენებული ზიანი და ძალაუფლების მფლობელის პირადი დანაკარგი მისთვის ერთი და იგივე არ არის. ის, რაც საქართველოს ასუსტებს, შესაძლოა, პირად ძალაუფლებას უმტკიცებდეს. დასავლეთის რეაქციის არათანმიმდევრულობა კი შეიძლება იმ გათვლასაც კვებავდეს, რომ მორიგ ნაბიჯს პროტესტი მოჰყვება, მაგრამ გადამწყვეტი მნიშვნელობის გადასახდელი ფასი ისევ არ გახდება.

აქვე, როცა ამ ნაბიჯების რაციონალურობას ვაფასებთ, მათი ავტორის პერსონალური ფსიქოპორტრეტიც უნდა გავითვალისწინოთ.

ამ დღეებში საერთაშორისო მედიაში ისევ გამოჩნდა ბაობაბების საქართველოში გამოგზავნის ამბავი: სამხრეთ აფრიკაში "დააკავეს" ხუთი ხე და მათი საქართველოში ექსპორტის კანონიერებაზე დაწყებულია გამოძიება. ახალი საქმის მონაწილეთა ვინაობა საჯაროდ დადგენილი არ არის, თუმცა თავად ამბავმა კვლავ გაახსენა მსოფლიოს ივანიშვილის გატაცება უზარმაზარი ხეებით.

ეს გატაცება მისი მმართველობის მეტაფორადაც იქცა: უზარმაზარი პირადი და სახელმწიფო რესურსი საკუთარი გარემოს მოსაწყობად, ყველაფრის სასურველ ადგილზე გადასატანად, სასურველი ხედის და ეკოსისტემის უზრუნველსაყოფად.

მაგრამ ქვეყანას ამ წესით ვერ მოაწყობ. მოქალაქეების აბსოლუტურ უმრავლესობას დეკორაციის ფუნქციას ვერ დააკისრებ. მათ საკუთარი ინტერესები, ღირსება და არჩევანი აქვთ - მათ შორის იმ ადამიანებსაც, რომლებიც ყოველდღიურ სარჩოს ძლივს შოულობენ და რომელთა გასაჭირისთვისაც იმავე ხელისუფლებას გაცილებით ნაკლები ყურადღება და რესურსი ემეტება.

დღეს, 28 ოქტომბერს, სწორედ ეს უნდა გვახსოვდეს.

36 წლის წინ მრავალპარტიულმა არჩევნებმა საქართველოს მოქალაქეს ქვეყნის მომავლის გადაწყვეტის შესაძლებლობა გაუხსნა.

დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით ამ შესაძლებლობის ჩაკეტვას ცდილობენ.

ამიტომ ხუთი პარტიის საქმე თითოეული მოქალაქის საქმეცაა - მათ შორის იმისაც, ვისაც ამ ხუთიდან არცერთი მოსწონს.

რადგან არჩევანის უფლება მაშინაც გჭირდება, როცა შენთვის სასურველი პოლიტიკური ძალა ჯერ არ გამოჩენილა.

და თუ დღეს სხვებისთვის დაკეტილ კარს შეეგუები, ხვალ საკუთარ არჩევანსაც იმავე ჩაკეტილ კართან დატოვებ.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ესპანეთში ორი ჩქაროსნული მატარებლის შეჯახებას სულ მცირე 64 ადამიანი ემსხვერპლა

ესპანეთში ორი ჩქაროსნული მატარებლის შეჯახებას სულ მცირე 64 ადამიანი ემსხვერპლა

ფორმულა

სემეკს წყალსა და ბუნებრივი აირის მოხმარებაზე დიფერენცირებული ტარიფების დადგენა შეეძლება

სემეკს წყალსა და ბუნებრივი აირის მოხმარებაზე დიფერენცირებული ტარიფების დადგენა შეეძლება

ფორმულა

პარლამენტმა „აზარტული თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში ცვლილებები დაამტკიცა

პარლამენტმა „აზარტული თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში ცვლილებები დაამტკიცა

ფორმულა

ესპანეთში ორი ჩქაროსნული მატარებლის შეჯახების შედეგად სულ მცირე 39 ადამიანი დაიღუპა

ესპანეთში ორი ჩქაროსნული მატარებლის შეჯახების შედეგად სულ მცირე 39 ადამიანი დაიღუპა

ფორმულა