
აშშ-მა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების მიყიდვა დაამტკიცა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 30 ოქტომბერს განაცხადა, რომ დაამტკიცა უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის 500 გადამჭერი რაკეტის, PAC-3-ის, მიყიდვა რომლის სავარაუდო ღირებულება 2.1 მილიარდი დოლარია.
ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკრაინისთვის თავდაცვითი შეიარაღების მიწოდების მიმართულებით დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მეორე ვადის დაწყების შემდეგ.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების თანახმად, უკრაინა რაკეტების შესყიდვას დააფინანსებს კანადის, გერმანიისა და ნორვეგიის ფინანსური შენატანებით, რომლებიც განხორციელდება პროგრამის - US JUMPSTART-ის - ფარგლებში, ასევე ეროვნული ფონდებიდან, რომლებიც ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი უკრაინის მხარდაჭერის სესხით ფინანსდება.
პენტაგონის ვებგვერდის თანახმად, პროგრამა მოკავშირეების ფინანსურ შენატანებს იყენებს უკრაინისთვის იარაღის, მომსახურებისა და წვრთნების შესაძენად, რათა რუსეთის შეჭრის შემდეგ ქვეყანას თავდაცვისუნარიანობის შენარჩუნებაში დაეხმაროს.
უკრაინა დიდი ხანია აცხადებს, რომ სასწრაფოდ სჭირდება დამატებითი გადამჭერი რაკეტები რუსეთის სამხედრო ძალების მიერ ქვეყნის მიმართულებით გაშვებული რაკეტების სულ უფრო მასშტაბური ტალღების მოსაგერიებლად.
Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა ყველაზე ეფექტიან იარაღად მიიჩნევა მაღალი სიჩქარით მოძრავი ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ. რაკეტები ჯერ წარმოებული არ არის და არსებული გეგმით, მათი ჩასვლა უკრაინაში მხოლოდ 2030-იანი წლების დასაწყისშია მოსალოდნელი.
Reuters ერთ-ერთ ინფორმირებულ პირზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტრო პენტაგონს მოუწოდებს, რაკეტების მიწოდების ვადები დააჩქაროს.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge