მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: ერთი ერი - ორი სახელმწიფო, შეცვლილი წონასწორობა - რისკები საქართველოსთვის?
გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: ერთი ერი - ორი სახელმწიფო, შეცვლილი წონასწორობა - რისკები საქართველოსთვის?

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: ერთი ერი - ორი სახელმწიფო, შეცვლილი წონასწორობა - რისკები საქართველოსთვის?

ფორმულა|formulanews.ge

პარასკევს, 30 ოქტომბერს, საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერები სიღნაღში შეხვდნენ. ოფიციალურ დღის წესრიგში ნაცნობი თემები იყო: ვაჭრობა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, რეგიონული თანამშრომლობა. მაგრამ ამ შეხვედრას უჩვეულო პოლიტიკური ფონი ჰქონდა: საქართველოს ორი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორის - აზერბაიჯანისა და თურქეთის - ურთიერთობაში დაგროვილი უთანხმოება უკვე საჯარო დაპირისპირებად იქცა.

იმავე დღეს ანკარა თურქულ სახელმწიფოთა ორგანიზაციის სამიტს მასპინძლობდა. პრეზიდენტი ერდოგანი მოკავშირე ქვეყნების პირველ პირებს მასპინძლობდა. ილჰამ ალიევი იქ არ ჩავიდა. აზერბაიჯანულმა მედიამ მიზეზად წინასწარ დაგეგმილი ღონისძიება დაასახელა - ბაქოში 15 წლამდელთა საფეხბურთო ტურნირის დაჯილდოება. სამიტზე ქვეყანა საგარეო საქმეთა მინისტრმა წარმოადგინა.

ჩაუსვლელობა თავისთავად ალიანსის რღვევას არ ნიშნავს. მაგრამ დაძაბულობის ფონზე, როდესაც პირისპირ შეხვედრას ურთიერთობის განმუხტვა შეეძლო, პრეზიდენტის არყოფნა პოლიტიკურ მნიშვნელობას იძენს. მით უმეტეს, რომ ანკარას შემხვედრი ნაბიჯი უკვე გადადგმული ჰქონდა.საჯარო დავის უშუალო მიზეზი აზერბაიჯანის სკოლებში ჩაცმის ახალი წესები გახდა. 21 სექტემბრის გადაწყვეტილება კრძალავს დამატებით სამოსს, რომელიც სასკოლო ფორმის ერთიანობასა და განათლების საერო ხასიათს ეწინააღმდეგება. ჰიჯაბი დოკუმენტში სახელდებით ნახსენები არ არის, თუმცა გავრცელდა ცნობები და ვიდეოები თავსაფრიანი მოსწავლეების გაკვეთილებზე არდაშვების შესახებ. ბაქოს პოზიციაა, რომ თემა და რეგულაციები სახელმწიფო სკოლების წესებს ეხება და არა ქვეყანაში ჰიჯაბის საყოველთაო აკრძალვას.

ერდოღანის მთავარმა მრჩეველმა ოქთაი სარალმა შეზღუდვა მიუღებლად შეაფასა. ბაქომ ეს შიდა საქმეებში ჩარევად მიიღო. აზერბაიჯანმა თურქეთის 31 მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. სარალმა მოგვიანებით თანამდებობა დატოვა; თურქულ მედიასთან თავადაც განაცხადა, რომ ერდოღანის მითითებას დაემორჩილა. თუმცა ალიევი ანკარაში ამის შემდეგაც არ ჩავიდა.

თავსაფრის საკითხი ორივე ხელისუფლებისთვის პოლიტიკურად მგრძნობიარეა. ბაქო - მამა ალიევიდან მოყოლებული სახელმწიფო სეკულარიზმს მკაცრად იცავს. ერდოღანის პოლიტიკური მოძრაობისთვის კი რელიგიური კონსერვატორების უფლებების დაცვა საკუთარი პოლიტიკური იდენტობისა და ამომრჩეველთან ურთიერთობის ნაწილია. მაგრამ ამ მასშტაბის დაპირისპირებას მხოლოდ სასკოლო რეგულაცია ვერ ხსნის.

როგორც ჩანს, მთავარი ცვლილება ალიევის მიერ საკუთარი ძალისა და ადგილის ახლებურად აღქმაშია. ყარაბაღში სამხედრო გამარჯვებებმა და ტერიტორიებზე კონტროლის აღდგენამ აზერბაიჯანის პრეზიდენტის პოზიციები გაამყარა. გამარჯვებული ლიდერის შიდა პოლიტიკური კაპიტალი რეგიონულ ამბიციადაც გარდაიქმნა: ბაქოს სულ უფრო ნაკლებად აკმაყოფილებს პარტნიორობა, რომელშიც ანკარა მიმართულებას განსაზღვრავს, თავად კი მის მხარდაჭერას ეყრდნობა.

ლოზუნგი - "ერთი ერი, ორი სახელმწიფო" ურთიერთობის განსაკუთრებულობასა გამოხატავს. მაგრამ ამ ფორმულაში ყოველთვის ღიად რჩებოდა კითხვა: რამდენად თანასწორია ეს ორი სახელმწიფო გადაწყვეტილების მიღებისას?

თურქ ჟურნალისტ ისმაილ საიმაზთან აზერბაიჯანელი მაღალჩინოსნები და ჟურნალისტები სწორედ "უფროსი ძმის" დამოკიდებულებას აპროტესტებენ. ეს მთელი აზერბაიჯანის ოფიციალურ პოზიციად ვერ ჩაითვლება, თუმცა კარგად აჩვენებს დაპირისპირების ერთ-ერთ საფუძველს: ბაქოს სურს, ახლო მოკავშირედ დარჩეს და იმავდროულად ანკარას საკუთარი გავლენის საზღვრები დაანახოს.

სუვერენული თანასწორობის მოთხოვნა ბუნებრივია. საკითხავია, რამდენად სწორად ითვლის ალიევი მის დასამკვიდრებლად შერჩეული მეთოდის ფასს.აზერბაიჯანის მიღწევებში თურქეთის სამხედრო და პოლიტიკური მხარდაჭერას მნიშვნელოვანი, შეგვიძლია ვთქვათ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა. ამ ალიანსის მნიშვნელობა წარსულით არ შემოიფარგლება: შუშის დეკლარაცია თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მოკავშირეობას, საფრთხის შემთხვევაში კონსულტაციებსა და ერთობლივ მოქმედებას ითვალისწინებს. ბაქოსთვის ანკარა დღესაც უსაფრთხოების მნიშვნელოვანი საყრდენია.

ამიტომ თურქეთში ალიევის მზარდი დამოუკიდებლობა შეიძლება პარტნიორის გაძლიერებადაც აღიქვან და საკუთარი წვლილის დაუფასებლობადაც. ხოლო იქ, სადაც სახელმწიფო ინტერესებს ლიდერების პირადი ამბიციებიც ემატება, კომპრომისი რთულდება.

მეორე მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა ისრაელია.აზერბაიჯანისთვის ისრაელთან თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და სამხედრო შესაძლებლობების საკითხია. SIPRI-ის (მშვიდობის კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის) მონაცემებით, 2016–2020 წლებში აზერბაიჯანის ძირითადი შეიარაღების იმპორტის 69 პროცენტი ისრაელზე მოდიოდა. ამ პარტნიორობის ერთ-ერთი საფუძველი ირანიდან მომდინარე საფრთხის საერთო აღქმაცაა.

ერდოღანისთვის კი ისრაელის ხელისუფლებასთან დაპირისპირებას უკვე მკვეთრი პოლიტიკური და პიროვნული ხასიათი აქვს. ანკარას ბაქოსგან მეტი სოლიდარობა სურს, ბაქო კი საკუთარი უსაფრთხოების პოლიტიკის სხვის პრიორიტეტებზე მორგებას არ აპირებს.

ამ წინააღმდეგობის პრაქტიკული გამოხატულება ნავთობია: თურქეთის მიერ ისრაელთან ვაჭრობის შეწყვეტის მიუხედავად, აზერბაიჯანული ნავთობი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მარშრუტით და შემდეგ ტანკერებით ისრაელში აღწევს. ანკარა აცხადებს, რომ აზერბაიჯანული ნავთობის საბოლოო მყიდველს ვერ აკონტროლებს.

ეს ურთიერთდამოკიდებულება აჩვენებს, რატომ არის დაპირისპირება სერიოზული და რატომ იქნება მისი ბოლომდე გამწვავება ორივესთვის სახიფათო შედეგების მომტანი. საქართველოსთვის კი ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ამ ურთიერთობის ერთ-ერთ მთავარ არტერიაზე ვდგავართ.

ჩვენს ტერიტორიაზე გადის ინფრასტრუქტურა, რომელიც ბაქოსა და ანკარას ერთმანეთთან აკავშირებს. ჩვენი ეკონომიკური და უსაფრთხოების ინტერესია, ამ კავშირმა საიმედოდ იმუშაოს. მაგრამ საქართველოს ფუნქცია მხოლოდ ტვირთის გატარება ვერ იქნება. სახელმწიფომ უნდა იცოდეს, როგორ იცვლება პარტნიორების ინტერესები და სად შეიძლება მათი უთანხმოება ჩვენს ინტერესს შეეხოს.

აზერბაიჯანის პრემიერის ანკარასთან დაძაბულობის ფონზე ვიზიტი არ გვაძლევს საფუძველს, ვამტკიცოთ, რომ ბაქო საქართველოს თურქეთზე ზეწოლისთვის იყენებს. მაგრამ ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს გათვლილი, როგორ აირიდებს რისკებს, რომელიც ასეთ როლში აღმოჩენას მოყვება.თბილისის ამოცანაა, ორივე პარტნიორთან მაღალი დონის ურთიერთობა შეინარჩუნოს და საკუთარი ნაბიჯები რომელიმე მათგანის წინააღმდეგ პოლიტიკურ სიგნალად არ აქციოს. ამისთვის საჭიროა დამოუკიდებელი დიპლომატია და საკუთარი ინტერესის მკაფიო განსაზღვრა.

ივანიშვილის ხელისუფლების მიმართ მთავარი კითხვაც და პრეტენზიაც სწორედ ესაა: აქვს მას ასეთი პოლიტიკა? თუ დასავლეთთან დაპირისპირებითა და რუსეთთან უკიდურესად დამთმობი კურსით იმდენად შეიზღუდა მოქმედების სივრცე, რომ რეგიონში მიმდინარე ცვლილებებს მხოლოდ ოფიციალური შეხვედრების ფორმალური ტექსტებით პასუხობს?

მთავრობის განცხადებაში მგრძნობიარე საკითხის არხსენება არ ამტკიცებს, რომ დახურულ კარს მიღმა მასზე არ საუბრობენ. მაგრამ საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს, როგორ ხედავს ხელისუფლება რისკს და რა პრინციპით დაიცავს ქვეყანას.

და აქ რუსეთის ფაქტორიც შემთხვევით არ მიხსენებია:არ გვაქვს საფუძველი, ბაქო-ანკარის დავა მოსკოვის ორგანიზებულ ოპერაციად გამოვაცხადოთ. თუმცა მათი კავშირის შესუსტებამ რუსეთს დამატებითი შესაძლებლობები შეიძლება გაუჩინოს: ერთმანეთზე განაწყენებულ პარტნიორებს შორის დაპირისპირებაზე კაპიტალიზაცია უფრო ადვილია, ვიდრე შეთანხმებულ მოკავშირეებთან ურთიერთობა.

ეს განსაკუთრებით ბაქომ უნდა გაითვალისწინოს. მართალია, ბოლო წლების გამარჯვებები ალიევს დამსახურებულ თავდაჯერებას აძლევს, მაგრამ მიღწეულმა წარმატებამ შეიძლება იმ საყრდენების მნიშვნელობა დააკარგვინოს, რომლებმაც ეს წარმატება შესაძლებელი გახადა.დამოუკიდებელი პოლიტიკის ძალა მოკავშირისგან დისტანციის გაზრდით არ იზომება. ის იზომება უნარით, მეტი გავლენა მოიპოვო ისე, რომ საკუთარი უსაფრთხოება არ დაასუსტო.

საქართველოსთვისაც მთავარი გამოცდა ამაშია. ბაქოსა და ანკარას შორის არჩევანის გაკეთება ჩვენს ინტერესში არ შედის. ჩვენი ინტერესია, მათი უთანხმოებისას საკუთარი არჩევანის უნარი შევინარჩუნოთ.რუკაზე შუაში ყოფნა საკმარისი აღარ არის. საჭიროა ხელისუფლება, რომელმაც იცის, სად დგას ქვეყანა და ვის ინტერესს იცავს.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კალასი: რუსეთის საერთაშორისო ფორუმებზე დაბრუნება ომის დანაშაულების ნორმალიზებას ნიშნავს

კალასი: რუსეთის საერთაშორისო ფორუმებზე დაბრუნება ომის დანაშაულების ნორმალიზებას ნიშნავს

ფორმულა

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: "სუფთა ფურცელი" - ინდულიგენცია ისტორიის და პასუხიმგებლობის ანულირებისთვის?!

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: "სუფთა ფურცელი" - ინდულიგენცია ისტორიის და პასუხიმგებლობის ანულირებისთვის?!

ფორმულა

ზელენსკი: ჩვენი შორი მოქმედების სანქციების სამიზნე როსტოვის ოლქი გახდა

ზელენსკი: ჩვენი შორი მოქმედების სანქციების სამიზნე როსტოვის ოლქი გახდა

ფორმულა

გაზსადენის რეკონსტრუქციის გამო ვარკეთილში და ვაზისუბანში გაზი 6400 აბონენტს შეუწყდება

გაზსადენის რეკონსტრუქციის გამო ვარკეთილში და ვაზისუბანში გაზი 6400 აბონენტს შეუწყდება

ფორმულა