
საია პაატა მანჯგალაძის საქმეში ბრალდების მტკიცებულებებს არასაკმარისად მიიჩნევს
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია), ოჯახის წევრებისა და ადვოკატის მიმართვის საფუძველზე, პაატა მანჯგალაძის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე შეისწავლა.
საიას ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურა პაატა მანჯგალაძეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავება. თუმცა, ორგანიზაციის შეფასებით, ბრალდების მხარე კვლავ აგრძელებს ბრალის ინდივიდუალიზაციის პრობლემურ პრაქტიკას და ბრალის დადგენილებაში არ აკონკრეტებს, კონკრეტულად რომელი პირის მიერ ჩადენილ ქმედებას რომელი მტკიცებულება ადასტურებს.
საია მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის იმის დასადასტურებლად, რომ პაატა მანჯგალაძემ ჯგუფური ძალადობა მოაწყო ან ხელმძღვანელობდა.
ორგანიზაციის განცხადებით, ბრალდების დასაბუთებისას ერთმანეთისგან გამიჯნული არ არის მანჯგალაძის პოლიტიკური აქტივობა და საპროტესტო აქციასთან კავშირი, ერთი მხრივ, და ძალადობის ორგანიზებაში მისი ინდივიდუალური მონაწილეობა — მეორე მხრივ.
საია მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ კრიტიკულად უნდა შეაფასოს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მტკიცებულებათა შეფასების სისწორე, ასევე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა.
ორგანიზაციის განცხადებით, თუ სააპელაციო სასამართლო სახალხო დამცველისა და საიას პოზიციებს გაიზიარებს, მნიშვნელოვანია, არ გააგრძელოს ბრალდების კვალიფიკაციის ცვლილების მანკიერი პრაქტიკა და შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, პაატა მანჯგალაძის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანოს.
„მნიშვნელოვანია, სააპელაციო სასამართლომ მიიღოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი გადაწყვეტილება“, — ნათქვამია საიას განცხადებაში.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge