
ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დასრულდა
უკრაინის ხერსონის ოლქში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციისთვის დაწესებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დასრულდა.
უკრაინის გენშტაბის განცხადებით, უკრაინულმა მხარემ შეთანხმების პირობები დაიცვა, თუმცა მათი თქმით, რუსეთმა ჰუმანიტარული პაუზა საკუთარი პოზიციების გასამაგრებლად გამოიყენა.
ოლეშკის ტერიტორიაზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაწესება შესაძლებელი გახდა აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის შუამავლობით.
მელანია ტრამპის თქმით, მისია წარმატებული აღმოჩნდა, რადგან რეგიონს მიეწოდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარება და განხორციელდა 800-მდე ადამიანის ევაკუაცია.
"ამერიკის სახელით, მადლობას ვუხდი რუსეთსა და უკრაინას გამოჩენილი თანამშრომლობისთვის ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დამყარებასთან დაკავშირებით...
იმედი მაქვს, ოლეშკი ორ ქვეყანას შორის ხანგრძლივი მშვიდობის საფუძველს შექმნის", - აღნიშნა აშშ-ის პირველმა ლედიმ.
ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაწესება რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს რომის პაპმაც მოუწოდა.
ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 27 ოქტომბერს დაიწყო და 1 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 22:59 საათზე დასრულდა.
უკრაინის სახალხო დამცველმა დიმიტრო ლუბინეცმა განაცხადა, რომ უკრაინული და რუსული მხარეები მსგავსი ჰუმანიტარული ოპერაციების გაგრძელების შესაძლებლობასაც განიხილავენ.
ქალაქი ოლეშკი რუსეთის მიერ ოკუპირებული ხერსონის ოლქის ფრონტის ხაზთან მდებარეობს.
ქალაქში საკვების მიწოდება ვერ ხერხდებოდა, ხოლო რუსული არმია მოსახლეობას ქალაქიდან ევაკუაციის შესაძლებლობას არ აძლევდა.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge