
რუსთაველის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ვადა ერთი თვით გახანგრძლივდა
თბილისის მერიასა და პროექტის კონტრაქტორ კომპანია "სმარტ სოლუშენსს" შორის 30 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულების ცვლილებით, რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ვადა ერთი თვით გახანგრძლივდა.
BM.GE-ს ცნობით, ხელშეკრულების ცვლილებაში ვადის გახანგრძლივების მიზეზად კომპანია რამდენიმე გარემოებას ასახელებს. მათ შორისაა სამუშაოების მიმდინარეობისას გამოვლენილი გაუთვალისწინებელი ფაქტორები, რომლებმაც საპროექტო გადაწყვეტილებების შეცვლისა და სამუშაოების მოცულობის გაზრდის აუცილებლობა წარმოშვა.
ასევე დოკუმენტის მიხედვით, ობიექტზე ქსელების რეაბილიტაციას ახორციელებდა და ახორციელებს არაერთი კომპანია, რაც შემსრულებელს ერთიანი სამუშაოს შესრულების საშუალებას უზღუდავდა.
"სამუშაოების წარმოების პროცესში გამოვლინდა რიგი გაუთვალისწინებელი ფაქტორები, რამაც წარმოქმნა საპროექტო გადაწყვეტებში ცვლილებების განხორციელების აუცილებლობა და გაზარდა შესასრულებელ სამუშაოთა მოცულობები.
საპროექტო ობიექტზე საკუთარი ქსელების რეაბილიტაციას ახორციელებდა არაერთი კომუნიკაციის კომპანია, რაც შპს "სმარტ სოლუშენსს" უზღუდავდა ერთიანი სამუშაო ფრონტის არსებობას და წარმოადგენდა მნიშვნელოვან შემაფერხებელ გარემოებას", - ნათქვამია ხელშეკრულების ცვლილებაში.
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია 23 ივლისს დაიწყო. "სმარტ სოლუშენსი" რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისას სამივე ლოტზე მუშაობს. რეაბილიტაცია დაახლოებით19.8 მილიონი ლარი ჯდება.
სამუშაოების დაწყების შემდეგ, "სმარტ სოლუშენსი" სამუშაოების შესრულების პირობების დარღვევისთვის არაერთხელ დააჯარიმეს. მათ შორის, ედავებოდნენ, რომ სამუშაოებს 24-საათიან რეჟიმში არ ასრულებდა.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge