
დემოკრატებმა აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დაამყარეს
აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგად, დემოკრატებმა კონგრესის ორივე პალატაში - სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში - უმრავლესობა მოიპოვეს.
ეს დონალდ ტრამპისა და რესპუბლიკური პარტიისთვის მასშტაბური პოლიტიკური მარცხია. დემოკრატებმა მთელი ღამის განმავლობაში რამდენიმე შტატში მოიპოვეს გამარჯვება , მათ შორის რესპუბლიკელების ტრადიციულად ძლიერ რეგიონებში - ტეხასში, კანზასსა და ოჰაიოში.
სენატში დემოკრატებმა რესპუბლიკელებს ხუთი ადგილი წაართვეს - ტეხასში, ოჰაიოში, ჩრდილოეთ კაროლინაში, სამხრეთ კაროლინასა და აიოვაში. პარტიისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა აიოვაში ჯოშ ტურეკის გამარჯვება რესპუბლიკელ ეშლი ჰინსონზე.
მანამდე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა ჩრდილოეთ კაროლინაში როი კუპერმა, რომელმაც სენატში რესპუბლიკელების მანდატი გადაიბარა. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული შედეგი კი ტეხასში ჯეიმს ტალარიკოს გამარჯვება იყო - ის 1988 წლის შემდეგ შტატიდან არჩეული პირველი დემოკრატი სენატორი გახდა.
რაც შეეხება წარმომადგენელთა პალატას, CBS-ის პროგნოზით, დემოკრატები სულ მცირე 239 ადგილს მიიღებენ, რესპუბლიკელები კი - სულ მცირე 161-ს. პალატაში სულ 435 ადგილია, რამდენიმე საარჩევნო ოლქში კი ხმების დათვლა ჯერ კიდევ გრძელდება.
დემოკრატების გამარჯვების შემდეგ, წარმომადგენელთა პალატის სპიკერის თანამდებობა შესაძლოა რესპუბლიკელმა მაიკ ჯონსონმა დატოვოს. დემოკრატების ლიდერმა ჰაკიმ ჯეფრისმა პარტიის გამარჯვებას „დიდი ამერიკული დაბრუნება“ უწოდა. თუ დემოკრატები მას პარტიის ლიდერად აირჩევენ, ის სპიკერის პოსტს დაიკავებს.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არჩევნების შედეგებზე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ დემოკრატებმა „კარგად იმუშავეს“. ამასთან, მან არჩევნების შედეგებით გაკვირვება გამოხატა და გამორიცხა, რომ შუალედური არჩევნების შემდეგ საკუთარი კაბინეტის წევრების შეცვლას აპირებს.
კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლის მოპოვება დემოკრატებს საშუალებას მისცემს, გააძლიერონ ტრამპის ადმინისტრაციის საქმიანობაზე ზედამხედველობა, ჩაატარონ გამოძიებები და გავლენა მოახდინონ საკანონმდებლო პროცესზე.
კონგრესის ახალი შემადგენლობა უფლებამოსილების განხორციელებას 2027 წლის 3 იანვრიდან დაიწყებს. შესაბამისად, ტრამპის პრეზიდენტობის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში კონგრესის ორივე პალატას დემოკრატები გააკონტროლებენ.

ფორმულა
წყარო: formulanews.ge