
ექიმ მაია კოხტაშვილს საპროცესო შეთანხმებით არჩევნებში კენჭისყრა 5 წლით აეკრძალა
ახმეტელ ექიმ მაია კოხტაშვილს, რომელიც სამართალდამცველებმა სექტემბერში დააკავეს, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე პასიური საარჩევნო უფლება 5 წლით ჩამოერთვა. აღნიშნულმა ჩანაწერმა საზოგადოების ყურადღება მალევე მიიქცია, თუმცა საქმის პროკურორმა ჟურნალისტების კითხვებს პასუხი არ გასცა.
მაია კოხტაშვილის შვილის, ანა იმედაშვილის განცხადებით, დედას პოლიტიკაში მოსვლა არასდროს უფიქრია და მსგავსი შეზღუდვა ხელისუფლების მხრიდან თავის დაზღვევას უკავშირდება. „არ ვიცი, რა არჩევნებში უნდა მიიღოს დედამ მონაწილეობა, როცა ქვეყანაში არჩევნები აღარ გვაქვს. ეტყობა მაინც თავი დაიზღვიეს და არ სურთ, მონაწილეობის უფლება ჰქონდეს ადამიანებს, ვისაც რამე შანსი ექნებოდა“, — აღნიშნა მან.
ცნობისთვის, ექიმი-ნევროლოგი მაია კოხტაშვილი ახმეტაში 11 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალად ედებოდა ფსიქოტროპული ან ძლიერმოქმედი ნივთიერების შესაძენად ყალბი რეცეპტის გაცემა. პროკურატურასთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმებით, მას 50 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა და 6 თვით მართვის უფლება შეეზღუდა, თუმცა სასამართლომ ექიმს პროფესიული საქმიანობის გაგრძელების უფლება შეუნარჩუნა.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge