
გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: ცივილიზებულობის - თავისუფალი სამყაროს ჩარჩოს მიღმა
"საქართველოს ხელისუფლება ამჟამად ევროკავშირთან შეჯახების გზაზეა." "ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა ამ ეტაპზე ვეღარ იქნება ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობის მთავარი ჩარჩო". ეს განცხადებები ოთხ ნოემბერს, ევროკომისიის ხელმძღვანელებისგან მოვისმინეთ. "ტონს დაუწიეთ და შეეგუეთ, რომ ასეთები ვართ" - იყო თბილისიდან პასუხი. კიდევ უფრო გასაგებად რომ განვმარტოთ - საქართველოს, რუსების და ივანიშვილის ხელში, "ევროკავშირთან შესაჯახებელ" ერთჯერად ტორპედოდღა აღიქვამენ და თუ რამეზე დაგველაპარაკებიან - მხოლოდ გაწევრიანების ჩარჩოს მიღმა - ცივილიზებული სივრციდან უსაფრთხო დისტანციაზე.
აქამდე ბრიუსელიდან გვესმოდა, რომ ჩვენი გაწევრიანების პროცესი გაჩერებულია. ახლა გვითხრეს, რომ გაწევრიანების პერსპექტივა ევროკავშირთან ჩვენს ურთიერთობას ვეღარ განსაზღვრავს. კანდიდატის სტატუსი ქაღალდზე რჩება. უკრაინა და მოლდოვა უკვე მომდევნო ნაბიჯებს გეგმავენ. ჩვენთან კი ხელისუფლება იმას გეგმავს, როგორ აუკრძალოს ფაქტობრივად მთელს ოპოზიციას და სამოქალაქო რესურსიდან აღმოცენებულ პოტენციურ ალტერნატივას არჩევნებში მონაწილეობა.
კობახიძემ ანგარიშს სამარცხვინო უწოდა. მართლაც როგორი სირცხვილია. იმ ქვეყანას, რომელმაც ევროპას საკუთარი ნებით მიაკითხა, დღეს იმის ახსნა უწევს, რატომ უნდა დარჩეს მის პოლიტიკურ ცხოვრებაში ადგილი ოპოზიციისთვის და თავისუფალი სიტყვისთვის.
რას ნიშნავს ამ ჩარჩოს მიღმა დარჩენა? თავისუფალი სამყაროს წესებს ქართველებისთვის კარგად ნაცნობი ეთიკური ფესვი აქვს. ქრისტიანობა გვასწავლის, რომ ღირსება აქვს იმასაც, ვინც შენს წინააღმდეგ დგას, და ძალა პასუხისმგებლობას გაკისრებს. სახელმწიფოში ამ სიტყვების ფასი მაშინ ჩანს, როცა მოსამართლეს შეუძლია ხელისუფლებას უარი უთხრას, მოქალაქეს კი - ხელისუფლება გამოცვალოს. სწორედ ეს წესები გვაძლევს საშუალებას, მწვავედ დავუპირისპირდეთ ერთმანეთს და მაინც ერთად ვიცხოვროთ. და როცა ქვეყანას საფრთხე ემუქრება, ისევ ერთმანეთს დავეყრდნოთ.
ივანიშვილის ხელისუფლება სწორედ ამ საყრდენს შლის. სასამართლოს მონურ მორჩილებას აჩვევს, მოქალაქეებს გაერთიანების სივრცეს ართმევს, საჯარო ფულით ერთგულებას ყიდულობს.
სადაც ბიუჯეტიდან მიტაცებული რესურსი და უკრაინის ომზე ხელის მოთბობა გამდიდრების გზად იქცევა, პატიოსნება წამგებიანი ხდება, ნდობა კი - გულუბრყვილობა. რაღაც ეტაპზე, როცა ოკუპანტი კიდევ ერთ და ქვეყნისთვის საბედისწერო დათმობას მოგთხოვს, აღმოაჩენ, რომ წლების განმავლობაში სწორედ ის ინსტიტუტები და ის ნდობა გაგინადგურებია, რომლითაც მისთვის წინააღმდეგობა უნდა გაგეწია, ის მეგობრები მოგიშორებია, რომელთათვისაც ანგარიშის გაწევაც მტერს შენი გადაყლაპვის მადას უცხრობდა. ივანიშვილის საფირმო "პრაგმატიზმი", ანუ მგლების ხროვაში ცხვრად თავის მოჩვენება ვერ დაგიცავს. მგლობა რომც მოინდომო, იქ უკვე სხვას აქვს გადაწყვეტილი, ვინ ხარ და რისთვის სჭირდები.
ამ კვირაში მოსკოვიდან სწორედ ამ ენით დაგველაპარაკა ოცნების ყოფილი გენერალური პროკურორი. ამერიკისა და ბრიტანეთის მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძე გვიყვება, როგორ დააფუძნეს "გეორგიევსკი" - რაზმი, რომელშიც ქართველებს უკრაინის წინააღმდეგ, რუსეთის მხარეს საბრძოლველად იწვევენ. მისივე მონაწილეობით შექმნილ "ერთობის ფონდს" კი რუსეთის საგარეო უწყება ღია მფარველობას უცხადებს. მოსკოვს ისევ ჰყავს ქართველი ყოფილი მაღალჩინოსანი როლისთვის, რომელიც იგორ გიორგაძის დროიდან გვახსოვს. სათქმელიც ნაცნობია. შეეგუე, რომ შენს მიწაზე რუსის ჯარი დგას, სრულიად დეგრადირებული იმპერიული ზომბის ნაწილი ხარ და მეგობრობის დასამტკიცებლად ახლა სხვის მიწაზეც რუსის ჯართან ერთად იომე.
ევროკავშირმა ნუგეშად ისიც გვითხრა, რომ კურსის შეცვლის შემთხვევაში ევროპული გზა ღია რჩება. ამ შესაძლებლობის ფასი დროულად უნდა გავიგოთ, სანამ ჯერ კიდევ შეგვიძლია მისი გამოყენება. დღეს სასწორზე დევს ჩვენი უფლება, თავად გადავწყვიტოთ, ვინ გვმართავს, რა წესებით ვცხოვრობთ და ვის გვერდით ვდგავართ. თუ ხელისუფლებას ამ უფლებას შინ დავუთმობთ, ხვალ ჩვენი სახელით მოსკოვი ილაპარაკებს. კნიაზ რომანოვისგან უკვე მოვისმინეთ, როგორი ქართულითაც.
აი, რა გველის "ჩარჩოს მიღმა." ქვეყანას თავისი დროშა ექნება, მაგრამ მოსკოვი გადაწყვეტს, ვის წინააღმდეგ უნდა იომონ ამ დროშის ქვეშ გაზრდილმა ქართველმა ბიჭებმა.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge