მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ირანსა და საფრანგეთს შორის დაძაბულობა იზრდება — თეირანი კიბერთავდასხმებს უარყოფს
ირანსა და საფრანგეთს შორის დაძაბულობა იზრდება — თეირანი კიბერთავდასხმებს უარყოფს

ირანსა და საფრანგეთს შორის დაძაბულობა იზრდება — თეირანი კიბერთავდასხმებს უარყოფს

ფორმულა|formulanews.ge

ირანსა და საფრანგეთს შორის დიპლომატიური დაძაბულობა კიბერუსაფრთხოების საკითხის გამო იზრდება. თეირანი კატეგორიულად უარყოფს პარიზის ბრალდებებს, რომლის თანახმადაც, ირანი საფრანგეთში სუპერმარკეტების მაცივრებსა და საყინულეებზე განხორციელებულ კიბერთავდასხმებთან არის დაკავშირებული. საფრანგეთის ხელისუფლება კი აცხადებს, რომ ინციდენტებზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ შესაბამისი ზომების მიღებას არ გამორიცხავს.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 10 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში საფრანგეთის ბრალდებებს „უსაფუძვლო და ცალმხრივი“ უწოდა. უწყების შეფასებით, თეირანის წინააღმდეგ მსგავსი ბრალდებების წაყენება პოლიტიკური ზეწოლის ნაწილია.

ირანულმა მხარემ ასევე გააკრიტიკა საფრანგეთის ხელისუფლება და განაცხადა, რომ პარიზი საკუთარი მმართველობის პრობლემებზე პასუხისმგებლობის გადატანას უცხოელ აქტორებზე ცდილობს.

დაპირისპირების მიზეზი საფრანგეთში ოქტომბერში მომხდარი კიბერშეტევებია. 11 და 12 ოქტომბერს განხორციელებულმა თავდასხმებმა ქვეყნის ასობით სუპერმარკეტი დააზარალა. შედეგად, სავაჭრო ობიექტების მაცივრებსა და საყინულეებში ტემპერატურა გაიზარდა, რამაც მალფუჭებადი პროდუქტების დიდი რაოდენობით განადგურება გამოიწვია.

მსგავსი შემთხვევები ნოემბრის დასაწყისშიც დაფიქსირდა — კიბერინციდენტებმა ევროპის სულ მცირე 11 სხვა ქვეყანაც მოიცვა, რამაც ევროპული სახელმწიფოების შეშფოთება კიდევ უფრო გააძლიერა.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ სამშაბათს განაცხადა, რომ პარიზი ირანის პასუხისმგებლობის საკითხს სერიოზულად განიხილავს. მისი თქმით, საფრანგეთი ირანის ელჩის დაბარებითა და ევროპულ დონეზე სანქციების მოთხოვნით არ შემოიფარგლება და შემდგომი თავდასხმების თავიდან ასაცილებლად ყველა შესაძლო ზომას განიხილავს.

ბაროს განცხადებით, საფრანგეთი არ გამორიცხავს ისეთ ნაბიჯებსაც, რომელთა შესახებ ინფორმაცია შესაძლოა საჯაროდ არ გაამჟღავნოს. მინისტრის განმარტებით, ნებისმიერი საპასუხო მოქმედება პროპორციული და აუცილებელი იქნება.

თეირანი, თავის მხრივ, საპასუხო ნაბიჯებით იმუქრება. ირანის ხელისუფლების განცხადებით, ქვეყანა არ დააყოვნებს ეროვნული ინტერესებისა და უსაფრთხოების დასაცავად აუცილებელი ზომების მიღებას, თუ მის წინააღმდეგ უკანონო უცხოური ქმედებები გაგრძელდება.

სიტუაციაში ჩაერთო ევროკავშირიც. სამშაბათს გაერთიანებამ განაცხადა, რომ საფრანგეთის განცხადებებისა და წევრ სახელმწიფოებთან კონსულტაციების შემდეგ შეეცდება კიბერთავდასხმებზე სწრაფი და ერთიანი პასუხის უზრუნველყოფას.

მიმდინარე დაპირისპირება აჩვენებს, რომ სუპერმარკეტების ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული კიბერშეტევები შესაძლოა უფრო ფართო საერთაშორისო უსაფრთხოების პრობლემად გადაიქცეს. საფრანგეთსა და ირანს შორის ურთიერთობების შემდგომი განვითარება კი დიდწილად იმაზე იქნება დამოკიდებული, შეძლებს თუ არა პარიზი თეირანის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებების დასაბუთებას და რა ფორმით გადაწყვეტს ევროპა საპასუხო ზომების მიღებას.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აბუ-დაბიში რუსეთსა და უკრაინას შორის აშშ-ის შუამავლობით მოლაპარაკებები მიმდინარეობს

აბუ-დაბიში რუსეთსა და უკრაინას შორის აშშ-ის შუამავლობით მოლაპარაკებები მიმდინარეობს

ფორმულა

პენტაგონის ხელმძღვანელმა პრესკონფერენციაზე ირანის ომსა და იმპიჩმენტის საკითხზე ისაუბრა

პენტაგონის ხელმძღვანელმა პრესკონფერენციაზე ირანის ომსა და იმპიჩმენტის საკითხზე ისაუბრა

ფორმულა

ისრაელში პოლიტიკური ცვლილებები იწყება — აიზენკოტი მთავრობის ფორმირებას აანონსებს

ისრაელში პოლიტიკური ცვლილებები იწყება — აიზენკოტი მთავრობის ფორმირებას აანონსებს

ფორმულა

ზელენსკი დანიაში ჩავიდა

ზელენსკი დანიაში ჩავიდა

ფორმულა