
პროკურატურა ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძის და ფირცხალავას მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს
დავით ფეიქრიშვილზე თავდასხმის საქმეზე ბრალდებული, პენიტენციური სამსახურის ყოფილი გენერალური დირექტორის გიორგი პატარიძისა და №8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილი დირექტორის რამაზ ფირცხალავას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პროკურატურა გირაოს გამოყენებას მოითხოვს.
სასამართლო პროცესის ჩატარების დრო, სადაც აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უნდა იმსჯელონ, უცნობია.
გიორგი პატარიძეს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, რამაზ ფირცხალავას კი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.
ამავე საქმეზე აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდათ ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს, ვატო ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, შოთა ყიფიანს, პავლე გოცირიძესა და დავით კაჭარავას.
თავდაპირველად, პატიმრობაში მყოფი ტყუპი ძმების, დედა, ნინო აბრამიშვილი, აცხადებდა, რომ მისი ერთ-ერთი შვილი, დავით ფეიქრიშვილი, ნაცემია და შვილთან შეხვედრას ითხოვდა.
სპეციალური პენიტენციური სამსახური პატიმარ დავით ფეიქრიშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას მისი ცემის შესახებ, კატეგორიულად გამორიცხავდა.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge