
აბესაძე: კორუფციის გარეშე ავარიული სახლების პრობლემა 3-4-ჯერ სწრაფად მოგვარდებოდა
თბილისში ავარიული სახლების პრობლემის მოსაგვარებლად მოქმედი საბიუჯეტო პროგრამების ხარჯებსა და დედაქალაქის მერიის საქმიანობასთან დაკავშირებით კრიტიკულ შეფასებას ირაკლი აბესაძე ავრცელებს. მისი თქმით, არაკორუმპირებული მმართველობის პირობებში, აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრა სამჯერ ან ოთხჯერ უფრო სწრაფი ტემპით იქნებოდა შესაძლებელი.
ირაკლი აბესაძის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, თბილისში ავარიული სახლების მიმართულებით ორი ძირითადი საბიუჯეტო პროგრამა ხორციელდება:
ავარიული სახლების გამაგრება: 2018-2025 წლებში, კახა კალაძის მერობის 8-წლიან პერიოდში, პროგრამაზე ჯამურად 87,742,800 ლარი დაიხარჯა, რის შედეგადაც მთლიანად ან ნაწილობრივ 269 შენობა გამაგრდა.
ავარიული სახლების ჩანაცვლება: 2022 წელს დაწყებული პროგრამის ფარგლებში, 2022-2025 წლებში ჯამურად 19,081,700 ლარია გახარჯული.
აბესაძე აღნიშნულ ბიუჯეტს სავარაუდო კორუფციულ სქემებში დაკარგულ თანხებს ადარებს. კერძოდ, მისი თქმით, მხოლოდ მეტროს ვაგონების მოდერნიზაციის პროექტიდან სავარაუდოდ მითვისებული 41,105,298 ლარი საკმარისი იქნებოდა ავარიული სახლების გამაგრების პროგრამის 50%-ით გასაზრდელად (რაც დამატებით დაახლოებით 100 შენობის გამაგრებას უზრუნველყოფდა) ან ჩანაცვლების პროგრამის გასასამმაგებლად.
გარდა ამისა, ირაკლი აბესაძე ყურადღებას ამახვილებს სხვა მიმართულებებით — მათ შორის, ავტობუსების შესყიდვის ერთ კონტრაქტში გამოძიებით დადასტურების შემთხვევაში გამოვლენილ სავარაუდო 60 მილიონი ლარის — მითვისების ფაქტებზე. მისი შეფასებით, კორუფცია „ქართული ოცნების“ პოლიტიკის ნაწილია, რაც პირდაპირ რისკის ქვეშ აყენებს მოქალაქეების სიცოცხლეს.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge