თურქული მედია: საქართველოს ელჩი ბათუმში მომხდარის გამო თურქეთის საგარეოში დაიბარეს
თურქული მედიის ინფორმაციით, თურქეთში საქართველოს ელჩი არჩილ კალანდია, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ბათუმში უეფას ევროპის ლიგის ფარგლებში "ბეშიქთაშის" მატჩის დროს მომხდარი სერიოზული ინციდენტების გამო.
"შეხვედრაზე თურქულმა მხარემ ინციდენტის ყველა გარემოების სრულყოფილად გამოძიება და თურქეთის მოქალაქეების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენებასა და მათ წინააღმდეგ განხორციელებულ მოქმედებებზე პასუხისმგებელი პირების მიმართ შესაბამისი სამართლებრივი ზომების მიღება მოითხოვა", - ნათქვამია CNN Türk- ის გავრცელებულ ინფორმაციაში, მედიასაშუალება ინფორმაციას თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს.
ბათუმში, თურქულ "ბეშიქთაშსა" და ისრაელის "ჰაპოელ ბეერ-შევას" შორის მატჩის მიმდინარეობისას სტადიონზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. გავრცელებული ცნობით, "ოცნების" ხელისუფლების სამართალდამცველებმა ინციდენტთან დაკავშირებით რამდენიმე პირი დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავების პროცესში თურქი გულშემატკივრები პოლიციას ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და სამართალდამცველებს სხვადასხვა საგანს ესროდნენ.
მატჩი თავდაპირველად თურქეთში უნდა გამართულიყო, თუმცა UEFA-მ შეხვედრის მასპინძელი სტადიონის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო. ორგანიზაციის განმარტებით, თურქეთის ხელისუფლებამ უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე აცნობა, რომ სტამბოლში მატჩის ჩატარება შეუძლებელი იყო. შესაბამის მხარეებთან კონსულტაციების შემდეგ კი გადაწყდა, რომ ევროპა ლიგის შეხვედრას საქართველო უმასპინძლებდა.
