ორიგინალი
გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: "ძვირფასი" რუსი ხალხის მომაკვდინებელი სიყვარული
ფორმულა·19:00

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: "ძვირფასი" რუსი ხალხის მომაკვდინებელი სიყვარული

29 ნოემბერი, 2026 · 19:00

მოსკოვთან დაახლოების ფორმალიზების პროცესი აჩქარდა. ჯერ მომლაპარაკლებლის სტატუსი, შემდეგ მინსკი და ახლა უკვე თბილისსა და მოსკოვში შეხვედრების მზაობა.

ირაკლი კობახიძეს მოსკოვში საქართველოს დროშის აფრიალება „შესანიშნავ მოვლენად“ მიაჩნია.

მაგრამ მინსკში პირველი შეხვედრის შემდეგ რაღაც აირია.

კობახიძის სპეცწარმომადგენელი ზურაბაშვილი მოსკოვიდან მიღებული პასუხებით „გაოცებული და გაოგნებული“ დარჩა. თურმე სანქციების მოხსნას ელოდა, გალუზინმა კი აუწყა, რომ კიდევ ორი ქართული ღვინის კომპანიის დასჯას აპირებენ. მიზეზებად ღვინის ხარისხი, უკრაინის მხარდაჭერა და „ანტირუსული საქმიანობა“ დაუსახელეს.

ზურაბაშვილი იმდენად განაწყენდა, რომ რუსეთის მოთხოვნებში „ქართული ოცნების“ მთავრობის წინააღმდეგ მიმართული გეგმაც კი დაინახა: მოსკოვი, თურმე, ოპოზიციას აძლიერებს და „ოცნების“ პრორუსულ იმიჯს კვებავს.

ეს უკვე პოლიტიკური კომედიის განსაკუთრებული ჟანრია: ხელისუფლება წლებია საქართველოს დასავლელ მეგობრებს ქვეყნის მტრებად აცხადებს, რუსეთს კი ყველა ბრალდებისგან იცავს; უცებ მოსკოვი ოდნავ მოუჭერს ეკონომიკურ ყულფს და „ოცნება“ აღმოაჩენს, რომ რუსეთი მის პრორუსულობას ააშკარავებს.

თუმცა ეს დაბნეულობაც დიდხანს არ გაგრძელებულა.

კობახიძემ გალუზინის პასუხები გააკრიტიკა, მაგრამ დამნაშავედ ისევ „დიფ სთეითი“ გამოაცხადა. იმედი გამოთქვა, რომ რუსეთის ხელისუფლების „უმაღლეს ეშელონებში“ ყველაფერს სწორად გაიაზრებენ. ბოლოს კი მოსკოვის მოსათაფლად მთავარი სათქმელიც ჩამომარცვლა:

„რუსი ხალხი არის ჩვენთვის ძვირფასი ხალხი“.

ამ სიტყვებში შემთხვევითი არაფერია.

კობახიძის პირით ივანიშვილი რუსეთის ხელისუფლებას ეუბნება: პრობლემა თქვენში კი არა, სადღაც თქვენს ქვემოთ შეპარულ „დიფ სთეითშია“; თქვენი „უმაღლესი ეშელონები“ გონიერია, რუსი ხალხი კი - ჩვენთვის ძვირფასი.

მაგრამ რატომ გახდა აუცილებელი სწორედ ახლა ამ განსაკუთრებული სიყვარულის დემონსტრირება?

რუსი და საერთოდ არცერთი ხალხის მიმართ სიძულვილი არც შეიძლება და არც გვჭირდება. ადამიანების ეროვნების მიხედვით განსჯა ჩვენი გზა არ არის. მაგრამ ასევე დაუშვებელია ხალხის სახელით რუსეთის სახელმწიფოს დანაშაულებრივი ბუნების შეფუთვა და მისთვის ისტორიული პასუხისმგებლობის ჩამოცილება.

მიხაილ ეპშტეინი რუსულ პოლიტიკურ კულტურას „ანტისამყაროს“ უწოდებს - სისტემას, რომელიც საკუთარი მიღწევებით კი არ განისაზღვრება, არამედ იმით, რასაც უპირისპირდება: თავისუფლებას, სამართალს, მომავალს, დასავლეთს, დამოუკიდებელ მეზობლებს.

ასეთ სახელმწიფოს თავის საზღვრებთან თავისუფალი საქართველო არ სჭირდება. სჭირდება საქართველო, რომელსაც ფორმალურად შეიძლება საკუთარი დროშაც ჰქონდეს, მაგრამ მისი პოლიტიკური ნება მთლიანად მოსკოვის ნებაზე იყოს დამოკიდებული.

რუსეთის „სიყვარულიც“ სწორედ აქედან მოდის.

ეპშტეინი ამ რუსულ ინვერსიას ასე აყალიბებს: გიყვარდეს - ნიშნავს კლავდე.

და თუ ვინმეს ეს მხოლოდ მწერლის მეტაფორა ჰგონია, ალექსანდრ დუგინმა სულ ახლახან მისი სიტყვასიტყვითი განმარტება შემოგვთავაზა.

რუსული სამყაროს ( რუსკი მირის) ერთ-ერთმა მთავარმა იდეოლოგმა უკრაინელებს ასე მიმართა:

„ჩვენ გვიყვარხართ, პატივს გცემთ და, თუნდაც იძულებული ვიყოთ დაგხოცოთ, საკუთარ ძმებსა და დებს ვესვრით - გულში, სახეში, თავში.“

შემდეგ კი განმარტა, რომ ამას რაღაც „ძალიან მნიშვნელოვანი მიზნისთვის“, „ხსნისა და გარდასახვის სახელით“ აკეთებენ. ბოლოს უკრაინელებს ისიც უთხრა: თქვენ გხოცავთ იმისთვის, რომ კვლავ ერთი გავხდეთ, რადგან ჩვენ და თქვენ ერთნი ვართ. [ დუგინის ვიდეო ] ძნელია რუსული იმპერიული სიყვარულის უფრო ზუსტი განმარტება მოიფიქრო.

რუსული სიყვარული - ეს არის კანიბალური სიყვარული: იმდენად „უყვარხარ“, რომ შენს ცალკე არსებობას ვერ ეგუება. გკლავს არა იმიტომ, რომ უცხო ხარ, არამედ იმიტომ, რომ მის ნაწილად არ ყოფნას ბედავ. შენს სხეულს ანადგურებს, შენს მიწას იკავებს, შენს ისტორიას ითვისებს და ამას შენსავე „ხსნას“ უწოდებს.

დუგინმა ხმამაღლა თქვა ის, რაც რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკის შინაარსი საუკუნეების განმავლობაში იყო და არის.

საქართველოსაც „ერთმორწმუნე ძმას“ ეძახდნენ და ამ ,,სიყვარულით" აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დაიკავეს; ქართველები საკუთარი სახლებიდან გამოდევნეს; მოქალაქეებს საოკუპაციო ხაზთან იტაცებენ; ჩვენს მიწაზე სამხედრო ბაზები ააშენეს და საქართველოს სახელმწიფოს არსებობას დღემდე დროებით გაუგებრობად განიხილავენ. [ პუტინი ქართული სამთავროების რუსეთთან შეერთებაზე ] ეს არ არის ხალხებს შორის სიყვარული. ეს იმპერიის ინსტინქტია, რომელიც მეზობელს მხოლოდ ორ მდგომარეობაში აღიარებს - დამორჩილებულად ან დასასჯელად.

ამიტომ პრობლემა ის კი არ არის, უნდა ველაპარაკოთ თუ არა რუსეთს. ოკუპანტთან საუბარი ზოგჯერ აუცილებელიცაა - ტყვეების, უსაფრთხოების, ჰუმანიტარული პრობლემებისა და დეოკუპაციისთვის.

მთავარია, ვინ ვის ელაპარაკება, რა მანდატით, რა წითელი ხაზებით და რა მიზნით.

მაგრამ როცა დიალოგი იწყება არა ოკუპაციის ფასის გაზრდით, არამედ მოსკოვისთვის პოლიტიკური კომფორტის შექმნით; როცა თბილისი რუსეთის საგარეო უწყების ზეწოლაშიც „დიფ სთეითს“ ეძებს და კრემლის „უმაღლეს ეშელონებს“ უცოდველ მსაჯულად აღიარებს - ეს უკვე დიალოგი აღარ არის.

ეს ლოიალურობის მანიფესტაციაა.

„ქართული ოცნება“ დასავლეთს მუდმივად ახსენებს მის შეცდომებს, რუსეთს კი - საკუთარ სიყვარულს. ევროპასთან ქართულ სუვერენიტეტს იცავს, მოსკოვთან კი რუსეთის „ობიექტურ ინტერესებს“ უფრთხილდება.

ამიტომაც არის ივანიშვილის პრემიერისთვის რუსი ხალხი „ძვირფასი“ სწორედ იმ დღეს, როცა მოსკოვმა მისი ხელისუფლება დაამცირა.

ეს სიტყვა ხალხის სიყვარულს კი არ გამოხატავს - კრემლისადმი მორჩილების სიგნალია:

შეიძლება დაგვსაჯოთ, შეიძლება დაგვამციროთ, შეიძლება ჩვენი მიწა გქონდეთ ოკუპირებული - ჩვენ მაინც თქვენს „უმაღლეს ეშელონებს“ მივმართავთ და თქვენს ხალხს სიყვარულს ავუხსნით.

რუსეთი მეზობლებს მანამდე ეძახის ძმებსა და ძვირფას ხალხებს, სანამ ისინი საკუთარ თავისუფლებაზე უარს იტყვიან.

საქართველოს კი ასეთი სიყვარული უკვე ძალიან ძვირი დაუჯდა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: formulanews.ge
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: "ძვირფასი" რუსი ხალხის მომაკვდინებელი სიყვარული

თემა: ხალხს

ამ თემას 20 ქართული წყარო აშუქებს — სულ 101 სტატია.

  • პოსტივი·14:20
    ლადო სადღობელაშვილი: „უცხოქვეყნის მანქურთებად ქცეულ დაქირავებულ ოპოზიციაში საქმე ასეა – როგორც კი იკლებს დაფინანსება, პირდაპირ პროპორციულად იკლებს ხალხის რაოდენობა! ამას ემატება ოპოზიციურ სპექტრში შიდა დაპირისპირებები, რაც გუშინ ნათლად გამოჩნდა. “მიშას პლაკატი ვერ გაშალეს”
  • პრაიმტაიმი·14:17
    ორი თვე გვიანონსებდნენ აქციებს, რომელიც საბოლოოდ ძალიან მცირერიცხოვან შეკრებად იქცა! ხმამაღალი განცხადებებისა და პიარტექნოლოგიების მიუხედავად ანგაჟირებულმა ოპოზიციამ ხალხის შეკრება ვერ შეძლო! სოცქსელებში ხმაური ვერ ცვლის საზოგადოების რეალურ განწყობას, ხოლო მუდმივი მუქარა ვერ ანაცვლებს პოლიტიკურ დღის წესრიგს! - ლადო სადღობელაშვილი
  • რუსთავი 2·14:16
    ლადო სადღობელაშვილი: უცხოქვეყნის მანქურთებად ქცეულ დაქირავებულ ოპოზიციაში საქმე ასეა - როგორც კი იკლებს დაფინანსება, პირდაპირპროპორციულად იკლებს ხალხის რაოდენობა! ამას ემატება შიდა დაპირისპირებები, რაც გუშინ ნათლად გამოჩნდა. "მიშას პლაკატი ვერ გაშალეს"
  • იმედი·14:13
    ლადო სადღობელაშვილი: ორი თვე გვიანონსებდნენ აქციებს, რომელიც საბოლოოდ ძალიან მცირერიცხოვან შეკრებად იქცა! ხმამაღალი განცხადებებისა და პიარტექნოლოგიების მიუხედავად ანგაჟირებულმა ოპოზიციამ ხალხის შეკრება ვერ შეძლო! სოცქსელებში ხმაური ვერ ცვლის საზოგადოების რეალურ განწყობას, ხოლო მუდმივი მუქარა ვერ ანაცვლებს პოლიტიკურ დღის წესრიგს!
ხალხს

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ფორმულა·19:11

მეუფე იობი: ტელევიზიიდან ადიდებენ ვიღაცას და ამას საზოგადოებას აჯერებენ

მეუფე იობი: ტელევიზიიდან ადიდებენ ვიღაცას და ამას საზოგადოებას აჯერებენ
ფორმულა·17:58

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: "ნეიტრალური" მოედნის რუსული ანგარიში

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: "ნეიტრალური" მოედნის რუსული ანგარიში
ფორმულა·17:30

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში თურქეთის ელჩი დაიბარეს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში თურქეთის ელჩი დაიბარეს
ფორმულა·16:47

ჩერგოლეიშვილი: საქართველო ივანიშვილის გარეშე მიშას არ ნიშნავს, ახირებული ავტოკრატების დრო წავიდა

ჩერგოლეიშვილი: საქართველო ივანიშვილის გარეშე მიშას არ ნიშნავს, ახირებული ავტოკრატების დრო წავიდა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.