აშშ-მა Starshield-ის მუშაობასთან დაკავშირებით დადებითი სიგნალები გამოგვიგზავნა - ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას სამხედროების მიერ Starshield-ის სისტემის გამოყენებასთან დაკავშირებულ შეზღუდვებზე „დადებითი სიგნალები“ გაუგზავნა. მისივე თქმით, სისტემის მუშაობა უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდა, თუმცა შეზღუდვები კვლავ მოქმედებს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
ამის შესახებ ზელენსკიმ BBC-თან ინტერვიუში ისაუბრა.
„მანამდე უფრო მეტი პრობლემა გვქონდა, მაგრამ ამერიკულმა მხარემ გარკვეული დადებითი სიგნალები გამოგვიგზავნა. სისტემა უკრაინის იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ჩვენ ვაკონტროლებთ, ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდა. თუმცა ახლა შეზღუდვები გვაქვს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე.
ეს პრობლემაა. დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე რეაქტიული „შაჰედების“ ჩამოგდება გადამჭერი დრონებით არ შეგვიძლია. ამის გაკეთება კონტროლირებად ტერიტორიაზე შეგვიძლია, თუმცა ხშირად უკვე გვიანია. ისინი ჩვენს ინფრასტრუქტურას, ენერგეტიკულ ობიექტებსა და სხვა სამიზნეებს ურტყამენ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის განმარტებით, შეზღუდვების დაწესების შესახებ გადაწყვეტილების ავტორი ტექნიკურ დონეზე კომპანია SpaceX-ია, თუმცა პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღები მხარე მისთვის უცნობია.
„ნამდვილად არ ვიცი. ეს პინგ-პონგს ჰგავს: ერთ მხარეს ვეკითხებით და გვეუბნებიან, რომ პასუხისმგებელი მეორე მხარეა; მეორეს ვეკითხებით და ისიც ამბობს, რომ საქმე მას არ ეხება. მთავარი გადაწყვეტილების საკითხია. ისევე, როგორც Patriot-ის რაკეტების შემთხვევაში - მოგვაწოდონ თუ არა ისინი. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილების საკითხია“, - განმარტა უკრაინის პრეზიდენტმა.
