UEFA ბათუმში „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩზე მომხდარ ინციდენტს გამოიძიებს
UEFA ბათუმში, თურქულ „ბეშიქთაშსა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ-შევას“ შორის ევროპის ლიგის მატჩის დროს მომხდარ ინციდენტს გამოიძიებს. შესაბამისი განცხადება UEFA-მ 27 ნოემბერს გაავრცელა.
უეფას ცნობით, ორგანიზაციამ ეთიკისა და დისციპლინის ინსპექტორები დანიშნა 26 ნოემბერს გამართული ორი მატჩის - „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ შეხვედრის ბათუმში და „მარსელსა“ და „ლევსკი სოფიას“ მატჩის მარსელში - დროს მომხდარი ინციდენტების გამოსაძიებლად.
UEFA ორივე შეხვედრასთან დაკავშირებულ ძალადობისა და არეულობის ფაქტებს, მათ შორის სტადიონებზე გულშემატკივრებს შორის მომხდარ დაპირისპირებებს, მკაცრად გმობს.
„ძალადობას, აგრესიას, სიძულვილსა და პროვოკაციულ, დისკრიმინაციულ ან ექსტრემისტულ ქცევას ფეხბურთში ადგილი არ აქვს. UEFA-ს შეჯიბრებები პატივისცემის, სამართლიანი თამაშის, კეთილსინდისიერებისა და უსაფრთხოების პრინციპებს ეფუძნება“, - ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაციის განმარტებით, ინსპექტორები შეისწავლიან ყველა ხელმისაწვდომ მტკიცებულებას, რათა დაადგინონ მომხდარი ინციდენტების გარემოებები და ფაქტობრივი გარემოებები უეფას შესაბამისი რეგულაციების საფუძველზე.
