ევროპარლამენტარი ტობიას კრემერი: პაატა მარტო არ არის - დავდგეთ საქართველოს პოლიტიკური პატიმრების გვერდით და შევინარჩუნოთ ზეწოლა ამ რეჟიმზე, სანამ პაატასა და ყველა ქართველის ხმა კვლავ თავისუფლად და ხმამაღლა არ გაისმება დემოკრატიულ და ევროპულ საქართველოში
დავდგეთ საქართველოს პოლიტიკური პატიმრების გვერდით, დავუწესოთ მიზანმიმართული სანქციები ივანიშვილს და შევინარჩუნოთ ზეწოლა ამ რეჟიმზე, სანამ პაატასა და ყველა ქართველის ხმა კვლავ თავისუფლად და ხმამაღლა არ გაისმება დემოკრატიულ და ევროპულ საქართველოში, - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, ტობიას კრემერმა.
„პაატა ბურჭულაძემ სახელი თავისი ხმის ძალით გაითქვა. როგორც საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ საოპერო მომღერალს, მისი ხმა ვენიდან ნიუ-იორკამდე საოპერო თეატრების დარბაზებს ავსებდა. მაგრამ დღეს მისივე ხელისუფლება ცდილობს ამ ხმის ჩახშობას და შეთითხნილი ბრალდებებით ციხეში ამწყვდევს. მისი დანაშაული ის არის, რომ გაბედა და ხმა აიმაღლა იმ რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც ცდილობს, საქართველო ევროპული დემოკრატიიდან კრემლის ჩრდილქვეშ მოქცეულ, ბელარუსის მსგავს რეჟიმად აქციოს. მაგრამ პაატა მარტო არ არის. ქართველების 80%-ს კვლავ ევროპული მომავალი სურს და უკვე თითქმის ზუსტად ორი წელია, ამისთვის ქუჩაში გადის. მასწავლებლები, ექთნები, მუშები, ხელოვანები ხმას იმაღლებენ, იმის სრული გააზრებით, რომ ამით ცემის, თავდასხმის ან პაატასა და მზია ამაღლობელის მსგავსად დაპატიმრების რისკის ქვეშ აყენებენ თავს. და მიუხედავად ამისა, არ ნებდებიან. ამიტომ, კოლეგებო, ნურც ჩვენ დავნებდებით და ნუ მივატოვებთ მათ“, - დასძინა მან.
