The Wall Street Journal: ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერები რუსი ოლიგარქის დახმარებით პუტინთან ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ
ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იონას გარ სტორე გასულ თვეში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ტელეფონით ესაუბრნენ. უკრაინაში ომის დასრულების საკითხის გარდა, მათ კიდევ ერთი გადაუდებელი მიზანი ჰქონდათ - ბალტიის ზღვაში რუსეთთან შესაძლო სამხედრო დაპირისპირების თავიდან აცილება, იუწყება The Wall Street Journal-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.
გამოცემის ცნობით, ორი ლიდერი მოსკოვისთვის იმის განმარტებას ცდილობდა, რომ ნატოს წევრ ქვეყნებს რუსეთისთვის მნიშვნელოვანი საზღვაო სავაჭრო მარშრუტის ჩაკეტვა არ ჰქონდათ განზრახული. ბალტიის ზღვით რუსეთს საზღვაო გზით ექსპორტირებული ნავთობის 60%-ზე მეტი გადააქვს, რაც უკრაინაში ომის პირობებში ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროა.
ამასთან, ბალტიის ზღვა ნატოს წევრი სახელმწიფოებით არის გარშემორტყმული და მოსკოვში მზარდი შიში არსებობდა, რომ დასავლეთი ამ მარშრუტის ბლოკირებას შეეცდებოდა, წერს გამოცემა.
The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, სტუბისა და სტორეს პუტინთან პირდაპირი კომუნიკაციის დამყარებაში რუსი ოლიგარქი დაეხმარა, რომელსაც კრემლთან პირდაპირი კავშირი ჰქონდა. მანამდე ის ნორვეგიაში ჩავიდა, სადაც მაღალი რანგის ოფიციალურ პირებთან კონსულტაციები გამართა, შემდეგ კი მოსკოვში დაბრუნდა და პუტინს გზავნილი გადასცა. რამდენიმე დღის შემდეგ ორივე ლიდერი რუსეთის პრეზიდენტს ესაუბრა.
ბალტიის ზღვაში დაძაბულობა ბოლო თვეებში მნიშვნელოვნად გაიზარდა. დასავლელი ოფიციალური პირების ცნობით, რუსეთმა თავისი ნავთობტანკერების დასაცავად სამხედრო გემების გამოყენება გააძლიერა. მათივე ინფორმაციით, ბირთვული იარაღის ტარების შესაძლებლობის მქონე რაკეტებით აღჭურვილ რუსულ სამხედრო ხომალდებს ნავთობტანკერების გაცილება და დასავლეთის სამხედრო-საზღვაო ძალებისა თუ სანაპირო დაცვის წარმომადგენლებისთვის მათზე ასვლის ხელის შეშლა დაევალათ. გერმანიის სანაპირო დაცვამ ბალტიისა და ჩრდილოეთის ზღვებში ერთ წელზე ოდნავ მეტი ხნის განმავლობაში მსგავსი 260 შემთხვევა აღრიცხა.
მაისში რუსეთმა კანონმდებლობაში ცვლილებები შეიტანა, რომლითაც კომერციული გემების დასაცავად სამხედრო ძალის გამოყენება დაუშვა. დასავლური დაზვერვის წარმომადგენლების ცნობით, მოსკოვმა ბალტიის ზღვაში მდებარე საკუთარ ექსკლავში, კალინინგრადში დრონები, მძლავრი რადარები და ელექტრონული ბრძოლის სისტემები განალაგა.
აგვისტოში პუტინმა დასავლეთის მცდელობებს, შეეჩერებინა რუსული ტანკერები, „მეკობრეობა და ბანდიტიზმი“ უწოდა და სამხედრო პასუხით დაიმუქრა. ერთი თვის შემდეგ კრემლმა ნატოს წერილობითი გაფრთხილება გაუგზავნა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ რუსეთი ბალტიის ზღვაში საკუთარი ინტერესების დასაცავად პრევენციული ბირთვული დარტყმების განხორციელებისთვის მზად იყო მაშინაც კი, თუ რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმა არ მოხდებოდა.
„ჩვენ მშვიდობიან პერიოდში ბალტიის ზღვის ბლოკირებას არ ვაპირებთ, შეგიძლიათ ამაში დარწმუნებული იყოთ. ჩვენ კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთ“, - უთხრა სტუბმა პუტინს 27 ოქტომბრის სატელეფონო საუბრისას.
გამოცემის ინფორმაციით, დაძაბულობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერების დაკავება და შემოწმება იყო. მოსკოვი ამ გემებს დასავლური სანქციების გვერდის ავლით ნავთობის ექსპორტისთვის იყენებს. 2024 წლის ბოლოდან დღემდე რუსული ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერები სულ მცირე 14-ჯერ დააკავეს ან შეამოწმეს, მათ შორის 10 შემთხვევა მიმდინარე წლის დასაწყისში მოხდა. თუმცა, ბალტიის ზღვაში მსგავსი ოპერაციები მას შემდეგ ძირითადად შეწყდა, რაც რუსულმა სამხედრო-საზღვაო ძალებმა ტანკერების შესაჩერებლად გაგზავნილ დასავლურ გემებთან დაპირისპირება დაიწყეს.
