ნეთანიაჰუმ და აიზენკოტმა არჩევნების შედეგად შექმნილი ჩიხიდან გამოსასვლელად მოლაპარაკებები დაიწყეს
ისრაელის მოქმედ პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ოპოზიციის ლიდერ გადი აიზენკოტს შორის გასულ თვეს ჩატარებული არჩევნების შედეგად შექმნილი პოლიტიკური ჩიხიდან გამოსასვლელად მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
ოქტომბრის არჩევნებში ნეთანიაჰუს ბლოკმა 53 მანდატი მოიპოვა, აიზენკოტის ოთხპარტიულმა ბლოკმა კი 48. შესაბამისად, 120-ადგილიან ქნესეთში უმრავლესობის ჩამოყალიბება ვერცერთმა მათგანმა ვერ შეძლო.
შაბათს ნეთანიაჰუმ ოპოზიციას როტაციული პრემიერ-მინისტრობის პრინციპით ეროვნული ერთიანობის მთავრობის შექმნა შესთავაზა და განაცხადა, რომ თანახმაა, პრემიერ-მინისტრის პოსტი თავდაპირველად აიზენკოტმა დაიკავოს.
მთავრობის ფორმირებისთვის განკუთვნილი ვადის ამოწურვამდე, რომელიც 6 დეკემბერს იწურება, აიზენკოტს ერთი კვირა აქვს დარჩენილი.
შაბათს სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ პოსტში ნეთანიაჰუმ დაწერა: „ჩემი, როგორც ლიდერის პასუხისმგებლობა მავალდებულებს, გვერდზე გადავდო ყველაფერი“. მან დასძინა, რომ დათანხმდება, აიზენკოტი იყოს „პირველი პრემიერ-მინისტრი, თავად კი ვადის დასაწყისში ალტერნატიული პრემიერ-მინისტრის თანამდებობას დაიკავებს.
არმიის ყოფილმა მთავარსარდალმა აიზენკოტმა ნეთანიაჰუს „გულწრფელი და დაჩქარებული მოლაპარაკებებისკენ“ მოუწოდა.
ამას წინ უძღოდა პარასკევს აიზენკოტის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელშიც მან ნეთანიაჰუს მემარჯვენე პარტია „ლიკუდი“ ახალი არჩევნების დანიშვნის მიზნით კოალიციური მოლაპარაკებების განზრახ გაჭიანურებაში დაადანაშაულა.
