აკაკი ალადაშვილი ე.წ. თვითნებურად დაკავებულთა შესახებ ბრიუსელის დუმილზე: რომ დაასახელონ კონკრეტული პირები, უნდა დაასახელონ კონკრეტული დამნაშავეები, რაც მათ მხოლოდ პოლიტიკურად არ აწყობთ
ფიზიკურად ვერ დაასახელებენ, რადგან ძალიან კარგად იციან თვითონ, რომ თვითნებურად დაკავებულებში იგულისხმებიან ადამიანები, რომლებმაც ჩაიდინეს კონკრეტული დანაშაული, მაგალითად, მოლოტოვის კოქტეილის სროლა პოლიციელის მიმართ, შტურმი სახელმწიფო ინსტიტუტებზე, პოლიციელებზე თავდასხმა და დაზიანება, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აკაკი ალადაშვილმა ე.წ. თვითნებურად დაკავებულთა შესახებ ბრიუსელის დუმილზე.
კერძოდ, ევროკავშირის ელჩმა ამჯერადაც უპასუხოდ დატოვა „ქრონიკის“ შეკითხვა, თუ ვის გულისხმობს ევროკავშირი თვითნებურად დაკავებულებში და რატომ არ აძლევს სიას, ამ ადამიანების სახელებსა და გვარებს საგარეო საქმეთა სამინისტროს. აღსანიშნავია ისიც, რომ დაკავებულთა უმეტესობამ ჩადენილი აღიარა და მოინანია.
ალადაშვილის თქმით, რომ დაასახელონ კონკრეტული პირები, უნდა დაასახელონ კონკრეტული დამნაშავეები.
„რომ დაასახელონ კონკრეტული პირები, უნდა დაასახელონ კონკრეტული დამნაშავეები, რაც მათ მხოლოდ პოლიტიკურად არ აწყობთ“, - აღნიშნა აკაკი ალადაშვილმა.
ცნობისთვის, აღნიშულ საკითხზე „ქრონიკამ“ ევროკომისიას კითხვით რამდენიმე კვირის წინაც მიმართა. პასუხად „ქრონიკას“ მისწერეს: „გთხოვთ, გაეცნოთ საქართველოს შესახებ 2026 წლის გაფართოების ანგარიშის ტექსტს. სხვა დამატებითი ინფორმაციის გაზიარება არ შეგვიძლია"
ევროკომისიის მიერ მომზადებული 2026 წლის გაფართოების ანგარიშის თანახმად, საქართველოში ძალადობრივ აქციებზე დაკავებული ადამიანები „თვითნებურად დაკავებულებად“ არიან მოხსენიებული.
