
ფინანსთა მინისტრის მოადგილე სააგენტო Moody's-ის ანგარიშის შესახებ: იმ ფუნდამენტური ფაქტორების მიმოხილვა, რაც მაკროეკონომიკურ და ფისკალურ სიჯანსაღეს განაპირობებს, ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანი მაჩვენებელია
საკრედიტო სააგენტო Moody's-მა დაასრულა მუშაობა საქართველოს ანგარიშზე თავისი პერიოდული მიმოხილვის განახლების ფარგლებში.
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ეკატერინე გუნცაძის განცხადებით, დოკუმენტში აღნიშნულია მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრების საფუძვლების სიძლიერე და განსაკუთრებული მდგრადობა გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე.
„იმის გათვალისწინებით, რომ 2025 წელს კვლავ შენარჩუნდა მაღალი ეკონომიკური ზრდა, 7,5%-ის ფარგლებში, სააგენტომ განაახლა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2026 წლისთვის და გაზარდა 6%-მდე. ასევე, გათვალისწინებული აქვს საშუალოვადიან პერიოდში ეკონომიკური ზრდის პოტენციურ 5%-იან ნიშნულზე შენარჩუნება, რაც სრულად თანხვედრაშია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ პროგნოზებთან“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ.
მისი თქმით, დოკუმენტი მიმოიხილავს ფისკალური პოლიტიკის ფარგლებში მიღწეულ მაჩვენებელებს, რაც გამოიხატება ვალისა და დეფიციტის ყოველწლიური შემცირებით და ჯანსაღ, მცირე დონეზე შენარჩუნებით.
„2025 წელს ვალი მშპ-სთან მიმართებით 35%-ზე დაბალ ნიშნულზე დაფიქსირდა. მნიშვნელოვნად დაბალი იყო ბიუჯეტის დეფიციტი, დაახლოებით, 1,5%-ის ფარგლებში. გარდა ამისა, ანგარიშში ხაზგასმულია ის სტრუქტურული კომპონენტები, რაც ეკონომიკური განვითარების სიჯანსაღეს განაპირობებს. ასახულია მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის ყოველწლიური, მდგრადი კლებადი ტენდენცია და ფაქტი, რომ პრაქტიკულად 2025 წლის ბოლოს, აღნიშნული მაჩვენებელი ისტორიულად დაბალ ნიშნულზე დაფიქსირდა. ხაზგასმულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაღალი მაჩვენებლები, გაზრდილი საგარეო რეზერვები და სხვა ფუნდამენტური ფაქტორები, რაც გავლენას ახდენს ეკონომიკურ განვითარებაზე“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.
დოკუმენტში, ასევე ხაზგასმულია ევრობონდის წარმატებული გამოშვება 2026 წლის იანვარში.
„როგორც მოგეხსენებათ, საქართველომ წარმატებით განათავსა 500 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ევროობლიგაციების რეფინანსირება და დაფიქსირდა 5,1%, რაც პრაქტიკულად ყველაზე დაბალი კუპონის განაკვეთია ბოლო 4 წლის მანძილზე საქართველოს მსგავსი და ერთი ნოჩით, ერთი საფეხურით მაღალი რეიტინგის ქვეყნებს შორის“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.
როგორც მან აღნიშნა, საკრედიტო სარეიტინგო სააგენტოების ანგარიშები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინვესტორებისთვის, როგორც სუვერენულ, ისე კერძო სექტორში და აღნიშნულ ანგარიშებს ინვესტორები განსაკუთრებული ყურადღებით ეცნობიან.
ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
იმედი
წყარო: imedinews.ge