
ვახტანგ ცინცაძე: საქართველოს საშუალო ეკონომიკური ზრდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს თითქმის ორჯერ აღემატება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული მიმოხილვის თანახმად, 2026 წელს მსოფლიო ბანკი 5%-იან ეკონომიკურ ზრდას ელის საქართველოში, ხოლო 2027 წელს ეკონომიკური ზრდა 5.5%-ს მიაღწევს.
„უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს საშუალო ეკონომიკური ზრდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს თითქმის ორჯერ აღემატება“ - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.
მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა მსოფლიო ბანკის შეფასებებს, რომლის მიხედვითაც, საქართველო რჩება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის მქონე ქვეყნად
„შესაბამისად, ველოდებით, რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი როგორც 2026, ასევე 2027 წელს იმაზე უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ამას საერთაშორისო-საფინანსო ინსტიტუტები პროგნოზირებენ. ამის საფუძველს გვაძლევს ის მონაცემები, რომლებიც საქართველოში იანვარ-თებერვლის თვეებში დაფიქსირდა, კერძოდ: ორი თვის განმავლობაში, ჩვენი ქვეყნის საშუალო ეკონომიკური ზრდა 8.4 პროცენტს შეადგენს“, - განაცხადა ცინცაძემ.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის შეფასებით, ეკონომიკური ზრდის ტემპს დამატებით სტიმულს მისცემს 2026 წელს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების გააქტიურება, ასევე ეკონომიკური განვითარების კორპორაციის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს არამხოლოდ მცირე და საშუალო მეწარმეების, არამედ ზოგადად, ეკონომიკის მხარდაჭერას სხვადასხვა ინსტრუმენტებით, რაც ასევე დააჩქარებს ეკონომიკურ ზრდას.
„ჩვენი მოლოდინია, რომ 2026-27 წლებში საქართველოს ექნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა არამხოლოდ რეგიონისა და ევროპის მასშტაბით, არამედ გლობალურად“ - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.
იმედი
წყარო: imedinews.ge