
პრემიერ-მინისტრი ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან და მთავრობის ადმინისტრაციის უფროს ლევან ჟორჟოლიანთან ერთად, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს ბიზნესის წინაშე არსებული საჭიროებები და ნაბიჯები, რომელთა გადადგმასაც სახელმწიფო განიხილავს ქართული კომპანიების მხარდასაჭერად.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ხელისუფლებისთვის პრიორიტეტულია ბიზნესთან მუდმივი კონსულტაცია, რათა პროექტების განხორციელებისას მაქსიმალურად იყოს დაცული როგორც სახელმწიფოს ინტერესები, ასევე უზრუნველყოფილი იყოს ბიზნესისთვის ჯანსაღი გარემო.
შეხვედრისას ყურადღება დაეთმო სხვადასხვა პროექტის განხორციელების ხარისხთან დაკავშირებულ გამოწვევებს. აღინიშნა, რომ სახელმწიფო პროექტების განხორციელებისას შესაბამისი სტანდარტები, ხარისხი და ვადები კრიტიკულად მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებით კომპრომისები არ იქნება.
შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ბიზნესთან კომუნიკაცია გაგრძელდება, რაც ხელს შეუწყობს არსებული პრაქტიკის კიდევ უფრო დახვეწას და სახელმწიფოს მისცემს შესაძლებლობას, სამართლიან, საბაზრო ფასად განახორციელოს ხარისხიანი პროექტები.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
იმედი
წყარო: imedinews.ge