
ნატა კვაჭანტირაძე: ტურიზმის პოზიტიურ დინამიკას ევროპული ბაზრების ზრდა და პირდაპირი ფრენები განაპირობებს
2026 წლის პირველ კვარტალში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 0.5%-ით გაიზარდა, კვარტალური რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და 829.8 მილიონი აშშ. დოლარი შეადგინა.
საქართველოს ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარის, ნატა კვაჭანტირაძის განცხადებით, 2026 წლის პირველი კვარტლის დადებით შედეგებს ევროპასთან და განსაკუთრებით დიდ ბრიტანეთთან პირდაპირი ფრენების ზრდამ შეუწყო ხელი.
„შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველი კვარტლის მონაცემები საკმაოდ დადებითი მაჩვენებლით დასრულდა. ზრდა დაფიქსირდა როგორც პროდუქტების, ისე ევროპული მიმართულების კუთხით. ამ შედეგებს მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი პირდაპირი ავიამიმოსვლის გაძლიერებამ: დაინიშნა არაერთი პირდაპირი ფრენა როგორც ბრიტანეთის, ისე ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მიმართულებით. ბრიტანელი და ევროკავშირის ქვეყნების ვიზიტორები ჩვენთვის პრიორიტეტულ სეგმენტს წარმოადგენს.
მიუხედავად გლობალური გამოწვევებისა, რაც ნეგატიურ გავლენას ახდენს ტურიზმზე, იმედი მაქვს, დამდეგი სეზონი კიდევ უფრო დადებითი მაჩვენებლით დასრულდება და შესაბამისად, სექტორზე აისახება მთლიანად ის წარმატება, რომელიც შემოსავლების ჭრილში ჩვენი ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია,“ - აღნიშნა ნატა კვაჭანტირაძემ.
ოფიციალური მონაცემებით, 2026 წლის იანვარი-მარტის პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან (გაიზარდა 37.6 მლნ. აშშ. დოლარით, 36.4%-ით და 140.7 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, თურქეთიდან გაიზარდა 13.1 მლნ. აშშ. დოლარით, 12.2%-ით და 120.1 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. საუდის არაბეთიდან გაიზარდა 4.1 მლნ. აშშ. დოლარით, 47.6%-ით და 12.9 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.
იმედი
წყარო: imedinews.ge