
რუსთაველის ეროვნულ თეატრში რობერტ სტურუას სპექტაკლის - „ვეფხისტყაოსნის“ (ნაწილი პირველი: „ამბავი როსტევან არაბთა მეფისა“) პრემიერა გაიმართა
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, რუსთაველის ეროვნულ თეატრში რობერტ სტურუას სპექტაკლის - „ვეფხისტყაოსნის“ (ნაწილი პირველი: „ამბავი როსტევან არაბთა მეფისა“) პრემიერა გაიმართა, - ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, საპრემიერო ჩვენებას კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე პირველ მოადგილესთან - მაკა გურგენიძესთან და მოადგილე გიორგი მირცხულავასთან ერთად დაესწრო.
„სპექტაკლის მუსიკალურ გაფორმებაზე სვიმონ ჯანგულაშვილმა და რობერტ სტურუამ იმუშავეს. მასში, გია ყანჩელისა და ზაქარია ფალიაშვილის ნაწარმოებებთან ერთად, ქართული საგალობლები და არაბული ტრადიციული მელოდიებია გაერთიანებული. დადგმის ქორეოგრაფია კოტე ფურცელაძეს ეკუთვნის.
„ეს შესანიშნავი სპექტაკლი ბატონი რობერტ სტურუას მრავალწლიანი შრომის შედეგია. მადლობას ვუხდი ჩვენს დიდ რეჟისორს შოთა რუსთაველის გენიალური პოემის თანამედროვე კონტექსტში მასშტაბურად გადააზრებისა და სათანადო დონეზე წარმოჩენისთვის. მადლობას ვუხდი შემოქმედებით გუნდს. სასიხარულოა, რომ მომავალში „ვეფხისტყაოსნის“ შემდეგი ნაწილის სასცენო ვერსიასაც ვიხილავთ“, - განაცხადა თინათინ რუხაძემ.
სპექტაკლი ქართული თეატრის გამორჩეული მოღვაწის, სანდრო ახმეტელის დაბადებიდან 140-ე წლისთავს ეძღვნება.
საპრემიერო ჩვენებები რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდ სცენაზე 6, 7, 17 და 18 აპრილს გაიმართება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
იმედი
წყარო: imedinews.ge