
მიხეილ სარჯველაძე: სახელმწიფო მზად არის მხარში დაუდგეს მედიკამენტებისა და ბადების მწარმოებლებს იმისთვის, რომ საქართველოს, როგორც მწარმოებელი ქვეყნის ავტორიტეტი და მოთხოვნა გაიზარდოს
სახელმწიფო მზად არის მხარში დაუდგეს მედიკამენტებისა და ბადების მწარმოებლებს იმისთვის, რომ საქართველოს, როგორც მწარმოებელი ქვეყნის ავტორიტეტი და მოთხოვნა გაიზარდოს, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა".
მისივე თქმით, სახელმწიფოს წამლების წარმოების მიმართულებით ბოლო წლებში ბევრი ნაბიჯი აქვს გადადგმული.
„საყურადღებოა ნებისმიერი პრობლემა, რასაც შეიძლება დღის წესრიგში აყენებდეს [სამედიცინო პროდუქტების] მწარმოებელი იმისთვის, რომ საქართველოში განვითარდეს წარმოება, რათა ერთი მხრივ შევძლოთ, რომ იმპორტი ჩანაცვლდეს ადგილობრივი წარმოების პროდუქტებით. მეორე მხრივ, ბუნებრივია, რომ შეიძლება ვისაუბროთ საექსპორტო პოტენციალზეც, რომელიც ვფიქრობ, მაინც არსებობს ერთმნიშვნელოვნად და საქართველოში ეს მიმართულება არის განსავითარებელი. ეს არ არის მარტივი და ერთ წელიწადში გაკეთებადი საქმე. ამას სჭირდება გეგმაზომიერად ძალიან სერიოზული მხარდაჭერა, განვითარება და ამგვარად ვფიქრობ, რომ შედეგი მიღწევადია. აქ, რა თქმა უნდა, ლომის წილი ეკუთვნის თვითონ წარმოებას, მათ უნდა განავითარონ ეს პროცესები, მაგრამ რაც შეეხება სახელმწიფოს მხრიდან ამ კუთხით დახმარებას - შესაბამისი სწორი სამართლებრივი ჩარჩოს შექმნა, სარეგულაციო სისტემის გამართვა, ვფიქრობ, რომ ამისთვის სახელმწიფო მზად გახლავთ და ამ მიმართულებით ბოლო წლებში განხორციელებული ნაბიჯები ერთმნიშვნელოვნად სწორედ ამ პროცესის სამსახურში შეგვიძლია მოვიაზროთ. რატომ ვამბობ ამას - მაგალითად, წამლის ხარისხის, მათ შორის წარმოების ხარისხის რეგულირების მიმართულებით სახელმწიფომ ბოლო წლებში არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, მათ შორის GMP-ის სტანდარტების დამკვიდრებასთან დაკავშირებით, რომელიც დღითიდღე უმჯობესდება. ვფიქრობ, რომ ეს წარმოადგენს ძალიან სერიოზულ ნაბიჯებს საიმისოდ, რომ საქართველოს ავტორიტეტი და რეპუტაცია, როგორც მწარმოებელი ქვეყნის, განმტკიცდეს. ეს ბუნებრივია გაზრდის მოთხოვნას საქართველოში წარმოებულ პროდუქტებთან დაკავშირებით. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს ერთმნიშვნელოვნად საინტერესოა“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
მინისტრის თქმით, ადგილობრივი სამედიცინო პროდუქტების წარმოების კუთხითაც ბოლო პერიოდში საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება და მომავალში იქნება ამის პერსპექტივა.
სარჯველაძემ აღნიშნა ისიც, რომ საჭიროა არსებული წამლების, ანუ ჯენერიკების შექმნის მიმართულების განვითარებაც, თუმცა, პროცესების ოპტიმაციის შემდეგად ჯენერიკების შექმნას მაინც წლები დასჭირდება.
„მართალია, რომ ეს პროცესი არ არის ნამდვილად მარტივი და თუნდაც ჯენერიკის შექმნას საშუალოდ შეიძლება 4 წელი სჭირდებოდეს. რეალურად, სანამ მედიკამენტი გაყიდვაში ჩაეშვება საკმაოდ ხანგრძლივი გამოცდების პროცესია. ერთია მედიკამენტის დამზადება და მეორეა უსაფრთხოებასა და ეფექტიანობაზე ძალიან სერიოზული ანალიზი. ასე ხდება მთელს მსოფლიოში და რაც არ უნდა გაამარტივო ეს პროცესები ამ 4 წელიწადს ვერ დაიყვან ექვს თვემდე და ერთ წელიწადამდე. კარგი იქნება თუ ადგილობრივი წარმოება დაკავდება იმ სერიოზული მიმართულებით, რასაც ჯენერიკების წარმოება ჰქვია. ასეთ ინიციატივებს ყველა მხრივ შეგვიძლია, რომ სახელმწიფო მხარში ამოუდგეს და ფიქრობ, რომ რეალურად ამ კუთხით შედგება ჩვენი თანამშრომლობაც. ყოველ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ წარმოებას თუკი რეალურად აქვს სურვილი სოლიდურ მწარმოებლად ჩამოყალიბდეს, ამ მიმართულებას ყურადღება უნდა მიაქციოს. ჩვენ მზად ვართ, რომ პროცესების ოპტიმიზირების მხრივ, შემხვედრი ნაბიჯებით მწარმოებელებს მხარში ამოვუდგეთ“, - აღნიშნა სარჯველაძემ.
იმედი
წყარო: imedinews.ge