
ნინო წილოსანი: დღევანდელ სხდომაზე ვისაუბრეთ თუ რამდენად გარიგებულები არიან მედიკამენტების მწარმოებლები ექიმებთან და ხომ არ ვხვდებით ისეთ შემთხვევებს, როცა ექიმები დაინტერესებულები არიან დანიშნოს კონკრეტული წამალი
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა „დღის ქრონიკასთან“ სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი კომისიის დღევანდელი სხდომის დეტალებზე ისაუბრა.
როგორც ცნობილია, დღეს კომისიამ ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს მოუსმინა.
ნინო წილოსანის განცხადებით, კითხვები შეეხებოდა მათ შორის ექიმების დაინტერესებას კონკრეტული მედიკამენტების დანიშვნაზე.
„თუ არ იქნება ბიზნეს ეთიკა, მათ შეუძლიათ ფასნამატი 200%-ით დააწესონ. ამიტომ, როდესაც ვსაუბრობთ ბიზნეს ეთიკაზე, რა თქმა უნდა ვგულისხმობთ იმას, რომ როდესაც პირველადი მოხმარების მედიკამენტებს ეხება საქმე, ბიზნესსაც უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს კონკრეტული მიდგომა, რეგულაციები, როგორიც რეფერენტული ფასებია. რეფერენტულმა ფასებმა დაარეგულირა ათი ათასზე მეტი მედიკამენტის შემთხვევაში, რომ კონკრეტული ფასნამატის მეტი ფასის დადება არ შეუძლია სააფთიაქო ქსელს, შესაბამისად, არც მწარმოებელს.
დღევანდელ სხდომაზე ჩვენ არა მარტო ამ მიმართულებით, არამედ სხვა არაეთიკური ფაქტების ირგვლივაც ვისაუბრეთ. ეს არის თუ რამდენად გარიგებულები არიან მედიკამენტების მწარმოებლები თუ იმპორტიორები ექიმებთან და ხომ არ ვხვდებით ისეთ შემთხვევებს, რომ ექიმები მხოლოდ იმიტომ, რომ შესაძლოა დამატებით ინტერესი ჰქონდეთ ამა თუ იმ მედიკამენტის დანიშვნისას, ინტენსიურად ნიშნავდნენ ამ მედიკამენტს და აკეთებენ არჩევანს კონკრეტულად ამა თუ იმ მედიკამენტის სასარგებლოდ ან გადაჭარბებული ოდენობით ნიშნავენ.
ეს იყო კითხვები, რომელიც საზოგადოების მხრიდან წამოვიდა. ჩვენც ამ საზოგადოების წევრები ვართ, ჩვენც გვიწევს ურთიერთობა, როგორც ექიმებთან, ასევე, სააფთიაქო ქსელებთან“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge